"ჩვენ ყველანაირად უნდა ვცადოთ ევროკავშირთან ურთიერთობების დალაგებას", - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში განაცხადა.
კობახიძის თქმით, მისი მოლოდინია, რომ მომავალი წელი ბევრი ცვლილებით იქნება დატვირთული, მათ შორის ევროკავშირის ნაწილში.
„ჩვენ ფრთხილი და სტრატეგიული მოთმინებით ველოდებით დამოკიდებულების ცვლილებას, ვნახოთ, როგორ წარიმართება ეს პროცესები. მე მგონია, რომ მომავალი წელი ბევრი ცვლილებით იქნება დატვირთული, მათ შორის ევროკავშირის ნაწილში და ვნახოთ პროცესები როგორ განვითარდება. გამომდინარე იქიდან, რომ ევროპულ ბიუროკრატიას არ აქვს სუვერენულად მოქმედების რესურსი, შეიძლება, ოპტიმიზმს არ ჰქონდეს იმდენად მყარი საფუძველი, მაგრამ ვნახოთ, ოპტიმისტურად შევხედოთ მომავალს. ჩვენ ყველანაირად უნდა ვცადოთ ევროკავშირთან ურთიერთობების დალაგებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ევროკავშირის ინტერესებშია, განავითაროს ეს მიმართულება მაქსიმალურად და აღადგინონ ჯანსაღი ურთიერთობები საქართველოსთან.
"როდესაც ევროკავშირი ამ პირობებში ამას არ აკეთებს, ჩვენ შეგვიძლია, გამოვიტანოთ ლოგიკური დასკვნა, რომ ევროპული ბიუროკრატია ვერ მოქმედებს სუვერენულად და ევროკავშირის და ევროპული საზოგადოების ობიექტური ინტერესების შესაბამისად. სხვა არც გამართლება და არც ახსნა ასეთ დამოკიდებულებას არ აქვს“, - განაცხადა კობახიძემ.




























