„ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ყველასთან სათანადო კომუნიკაცია აქვს. ის მათ შორის ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ გაკეთებულ განცხადებასაც კომუნიკაციას უწოდებს.
ჟურნალისტებმა კობახიძეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს საკითხის განხილვის შესახებ ჰკითხეს, გრძნობს თუ არა ირაკლი კობახიძემ პასუხისმგებლობას, რომ „ოცნების“ პოლიტიკის შედეგად დღის წესრიგში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი დადგა.
„რა განცხადებებიც კეთდება, იმ უმძიმეს ღირებულებით კრიზისზე მიანიშნებს, რომელიც სრულიად აშკარაა ევროპულ ბიუროკრატიაში. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპაში ვითარება შეიცვლება და გაუმჯობესდება, დაიძლევა მათ შორის ეკონომიკური და პოლიტიკური ღირებულებითი კრიზისი. ჩვენ სურვილი გვაქვს 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა“, - განაცხადა კობახიძემ.
ჩაკითხვაზე - ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია ვინმესთან ვიზალიბერალიზაცია რომ არ შეწყდეს, პრემიერმა ასე უპასუხა: „ჩვენ ყველასთან სათანადო კომუნიკაცია გვაქვს. შანტაჟი უნდა დასრულდეს, ეს არის ჩვენი მოწოდება ყველას მიმართ. ახლა რასაც ვამბობ ესეც კომუნიკაციაა“.




























