მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით ქართველი ხალხის მიმართ შანტაჟი არასერიოზული იქნება - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პერსონალური სანქციების და ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხს არასერიოზულს უწოდებს.

მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე საუბარს ქართველი ხალხის მიმართ მუქარა უწოდა.

„მე მგონია, რომ თუ ვინმეს რამეზე ექნება საუბარი, შეიძლება ვიღაცამ დაგვაშანტაჟოს პირობითად პერსონალური სანქციებით, მაგრამ ის, რომ ვიღაც გამოვიდეს ქართველი ხალხის მიმართ მუქარით, რომ შეუწყვეტენ ვიზალიბერალიზაციას, ეს კიდევ უფრო მეტად არასერიოზული იქნება. ანუ პერსონალურ სანქციებზე საუბარი იქნება არასერიოზული და ხალხის მიმართ შანტაჟი იქნება 10-ჯერ უფრო არასერიოზული",- თქვა კობახიძემ.

ცნობისთვის, 25 აპრილს ევროპარლამენტმა 425 ხმით მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ. რეზოლუციაში წერია, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს და ნათქვამია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ დაიწყოს მანამ, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივ დღის წესრიგშია. რეზოლუციაში შევიდა ტექსტი ივანიშვილის სანქცირების მოწოდებისკენ, ასევე იმის გადახედვისკენ შეესაბამება თუ არა საქართველოს მიერ აგენტების კანონის მიღება ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმებთან განგრძობად შესრულებასთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები