“დღეს ყველა პატრიოტმა უნდა მისცეს ხმა საქართველოს ევროპულ გზას. ჩვენი ადგილი არის ევროპაში და დღეს ამას ქართველი ხალხი ნამდვილად დააფიქსირებს", - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა ჟურნალისტებთან ხმის მიცემის შემდეგ.
დღესვე, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ გიორგი ბაჩიაშვილის გუშინდელ ინტერვიუს მისგან პასუხი არ სჭირდება - "იმას პასუხი არ სჭირდება. ინტერვიუ ნახეთ, იქ ყველაფერი იკითხება", - თქვა ივანიშვილმა.
გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით კი, ვინც პასუხი უნდა გასცეს ქვეყანას, არის თავად ბიძინა ივანიშვილი და მას პასუხის გაცემა აუცილებლად მოუწევს.
"ბიძინა ივანიშვილს პასუხი ქართველი ხალხისთვის უნდა ჰქონდეს და ძალიან მალე მოუწევს მას პასუხის გაცემა.
სიმართლე არის იქ, რომ ამ ქვეყანას სჭირდება ცვლილება და ცვლილება აუცილებლად მოხდება", - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
გიორგი ბაჩიაშვილმა, გუშინ tv პირველთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენა ქვეყნისთვის სახიფათოა.
„მერწმუნეთ, ამ წლების განმავლობაში მართლა ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს და ბევრი რამ შემიძლია გამოვიტანო სააშკარაოზე, მაგრამ უნდა მორჩეს ამ ფარული დოკუმენტებით ხელისუფლებების ცვლილება ამ ქვეყანაში. ივანიშვილმა თავი გაიშიშვლა, არ არის საჭირო დღეს რომ ვინმემ ამოიღოს დოკუმენტი - აი, თურმე პროკურორს როგორ ესაუბრებოდა თუ მოსამართლეს, ეს ისედაც გასაგებია, ერთადერთი კაცის ხელში არის მთელი ქვეყანა... ის, რასაც ქართველ ხალხს ჰპირდება, არის ჩვეულებრივი რეპრესიები. ოპოზიციურ პარტიებს და ამომრჩევლებს გასამართლებას ჰპირდება და მერე ისეთი ოპოზიციის შექმნას, რომელიც მისთვის მისაღები იქნება, ჟირინოვსკი და ზუგანოვის ოპოზიცია მახსენდება, ეს იყო მისაღები რუსეთისთვის“, - ამბობს ბაჩიაშვილი.