სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა მაღალი ეკონომიკური ზრდის მთავარ მიზეზებზე საუბრობს. მისი თქმით, წელსაც ინვესტიციები იქნება მთავარი აქტორი ეკონომიკურ ზრდაში.
"დავეყრდნობი, არა მხოლოდ ჩვენს შეფასებებს, უკვე გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებსაც. მთავარი ფაქტორი, რაც 2023 წელს მაღალ ეკონომიკურ ზრდას განაპირობებდა იყო ინვესტიციები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წელსაც ინვესტიციების წილი იქნება მაღალი. ხოლო თუ დარგობრივ ჭრილში შევხედავთ, წინასწარი მონაცემები და მთელი წლის განმავლობაში, ზრდის მამოძრავებელი ინდუსტრიები იყო კომუნიკაციები, აიტი სექტორი, ვაჭრობა და მშენებლობა. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს საფინანსო სექტორი, რომელსაც ეკონომიკურ ზრდაში ტრადიციულად დიდი კონტრიბუცია აქვს. ჩვენი ბანკები და საფინანსო სექტორი ეკონომიკურ ზრდაში გამწევი ძალაა. ვფიქრობთ, წელსაც ინვესტიციები ეკონომიკურ ზრდაში მთავარი აქტორი იქნება", - განაცხადა თურნავამ.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო, შედეგად განაკვეთი 9%-მდე შემცირდა. შედეგად მათ ვისაც სესხები ცვლად განაკვეთზე აქვს მიბმული, კრედიტის მომსახურება 0.5 პროცენტული პუნქტით გაუიაფდებათ.