ჩვენი ე.წ. ნეიტრალური რეფინანსირების განაკვეთი 7%-ია, საითკენაც ეტაპობრივად ვისწრაფვით, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
დღეს კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე დატოვა.
„საქართველოს ეკონომიკა ვითარდება სტაბილურად, დაბალანსებულად, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი თანაფარდობა ძლიერი, მაღალი ეკონომიკური ზრდის და მიზნობრივზე მეტად დაბალი ინფლაციის. არცთუ ისე ბევრი ქვეყანაა, მათ შორის განვითარებული სახელმწიფოები, სადაც ასეთი თანაფარდობა არის მიღწეული. ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი არის ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება. საზოგადოებამ იცის, რომ როგორც კი ხდება აუცილებელი ეროვნული ბანკის მყისიერი რეაგირება, ამ თვალსაზრისით იმისთვის, რომ ფინანსური სტაბილურობა განვამტკიცოთ, ჩვენ ამას ყოველთვის ვაკეთებთ. ამ ეტაპზე გვაქვს რა, ასეთი სტაბილური, მდგრადი განვითარების სურათი, მიგვაჩნია, რომ სტატუს ქვო უნდა შევინარჩუნოთ, ამდენად, ჩვენც სტატუს-კვოს ვინარჩუნებთ მონეტარული პოლიტიკის თვალსაზრისით. ასევე შეგახსენებთ, რომ ჩვენ ეტაპობრივი შემსუბუქების პოლიტიკა გვქონდა გაცხადებული და ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ნიშნულიდან, 11%-დან რეფინანსირების განაკვეთი ჩამოვიყვანეთ 8%-მდე. ასევე, ჩვენ გამოქვეყნებული გვაქვს, რომ დღეის მონაცემებით, ჩვენი ე.წ. ნეიტრალური განაკვეთი არის 7%, საითკენაც ეტაპობრივად ვისწრაფვით. ახლა ვდგავართ 8%-ზე, თითქმის მივუახლოვდით და უფრო ნელი ბიჯებით გავაგრძელებთ ამ ცვლას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, ისევ და ისევ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ყველა გლობალური რისკი, რომელიც არსებობს, ეს გლობალური რისკები არსებობს როგორც რეგიონში, ასევე მთლიანად მსოფლიოში.