მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფლაციაზე მოქმედი საერთაშორისო და ადგილობრივი რისკები - ნათია თურნავას ანალიზი

ეროვნული ბანკი

ჩვენ ვრჩებით ფრთხილები და ეს არის ცენტრალური ბანკის ფუნქცია, რომ ყველაზე ფრთხილი საჯარო ინსტიტუცია იყოს ქვეყანაში, - ასე უპასუხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც ინფლაციაზე საერთაშორისო და ადგილობრივ რისკების გავლენას შეეხებოდა.

ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ, ხომ არ არის მონეტარული პოლიტიკის შემცირება სწრაფი.

„ვთვლით, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი კვლავაც ფრთხილი ნაბიჯებით აგრძელებს მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას. დაბალი ინფლაცია და დაბალ ინფლაციური გარემო, საქართველოში წარმოიქმნა გასული წლის გაზაფხულიდან. ფაქტობრივად თებერვლიდან მოყოლებული 2023 წლის ინფლაცია დაბალია და დაღმასვლით ხასიათდება და ბოლო პერიოდში 1%-ზე ნაკლებია, რამაც საშუალება მოგვცა, რომ მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა თანდათან დაგვეწყო, მაგრამ მაინც ჯერ საკმაოდ მკაცრია ჩვენი პოლიტიკა, რადგან ის პიკში იყო 11%.

მას შემდეგ, რაც გასული წლის მაისში სებ-მა დაიწყო შემცირება, 2%-ით არის შემცირებული, მაინც რეგიონში ერთ-ერთი მაღალი განაკვეთი გვაქვს. ჩვენი გონივრულობის შეფასებისას კარგი იქნება შევხედოთ რეგიონის ცენტრალური ბანკების პოლიტიკასაც და თქვენ აღმოაჩენთ, რომ იქაც, ყველგან, თანდათან ცენტრალური ბანკები იწყებენ მკაცრი მონეტარული პოლიტიკებიდან გამოსვლას და ბიჯებიც ცოტა გაზარდეს. ეს იმას ასახავს, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში შენარჩუნებული ინფლაცია იწვევს იმას, რომ მთლიანად ინფლაციური მოლოდინები არის შემცირებული, ეს აძლევს ცენტრალურ ბანკს იმის საშუალებას, რომ გააგრძელოს უფრო მსხვილი ბიჯებით[შემცირება], თუმცა მაისიდან მოყოლებული სულ 2%-იანი შემცირება გვაქვს და ეს ითვლება საკმაოდ მკაცრ მიდგომად. მთლიანობაში, ჩვენ ვრჩებით ფრთხილები და ეს არის ცენტრალური ბანკის ფუნქცია, რომ ყველაზე ფრთხილი საჯარო ინსტიტუცია იყოს ქვეყანაში“, - განაცხადა თურნავამ.

რაც შეეხება შიდა რისკებს, რომლებიც ინფლაციაზე ახდენს გავრლენას სებ-ის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში მთავარი რისკი ლარში აღებული სესხების პორტფელის შესაძლო სწრაფი ზრდაა, თუმცა სებ-ი ამას თვალყურს ადევნებს.

„რაც შეეხება შიდა რისკებს, რაზეც ჩვენ ტრადიციულად ვსაუბრობთ, პოტენციური, კლასიკური რისკები, რასაც ყოველთვის ახსენებს ეროვნული ბანკი, შეეხება მოთხოვნის მხრიდან შესაძლო ზეწოლას ინფლაციაზე. ასეთი რამ შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუკი მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება პირველ რიგში განპირობებული არა პროდუქტიულობის ზრდით, არამედ ინფლაციური მოთხოვნის ზრდით. ხელფასების ზრდა ასცდება პროდუქტიულობის ზრდას. დღეს ამის ნიშნებს ვერ ვხედავთ, რადგან პროდუქტიულობის ზრდა მთელი 2023 წელი საკმაოდ მაღალი იყო და აქედან გამომდინარე, მიუხედავად მაღალი ეკონომიკური ზრდისა, ინფლაცია იყო საკმაოდ დაბალი. ეს რისკი 2023 წელს არ მატერიალიზდა. 2024 წელს ამას მივადევნებთ თვალს. ერთ-ერთი ნიშანი და მაჩვენებელი არის თუ მოხდა საკრედიტო მაჩვენებლის ზედმეტად დაჩქარება, დღეისთვის ეს არის სრულიად მდგრადი ტემპი, რითაც საკრედიტო აქტივობა იზრდება. იანვრის მონაცემებით ლარში აღებული სესხები უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე უცხოურ ვალუტაში. ამ კუთხით მდგრადი ვითარებაა. თუმცა ჩვენ მომავალში ვალდებული ვართ, რომ მიმართულებასაც მივადევნოთ თვალი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები