მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენი გათვლებით, წელს უძრავი ქონების გაყიდვები თბილისში 2-5%-ით, ბათუმში კი საშუალოდ 15%-ით შემცირდება“ - "თიბისი კაპიტალი"

კვახაძე

„თიბისი კაპიტალის“ პროგნოზით, 2024 წელი თბილისის უძრავი ქონების ბაზრისთვის 4-5%-იანი კლებით დასრულდება. როგორც კვლევების უფროსმა ირინა კვახაძემ BMG-ისა და საკონსულტაციო კომპანია „პროსპექტის“ ერთობლივ ღონისძიებაზე განაცხადა, ბაზარი 2024 წელს სტაბილიზაციისკენ წავიდა და მოლოდინია, რომ ის 2025 წლისთვისაც განვითარების არსებულ ტემპს შეინარჩუნებს.

რაც შეეხება ბათუმს, წლის 8 თვეში ზღვისპირეთში კლება 14%-ია და მოლოდინია, რომ აჭარის უძრავი ქონების ბაზარი წელს 10-15%-იანი შემცირებით დაასრულებს. როგორც ღონისძიებაზე წარდგენილ კვლევაში იყო აღნიშნული, ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი გარე და შიდა ფაქტორების მიმართ გაცილებით მოწყვლადია, რაც კლების მთავარ ფაქტორს წარმოადგენს.

ინფორმაციისთვის, ბათუმში ბინების 85% საინვესტიციო მიზნობრიობით იყიდება.

რაც შეეხება ყველაზე გაყიდვად ბინებს, კვლავ მოთხოვნადია მცირე ზომის ბინები, თბილისში 50-70კვ.მ.-ის, ბათუმში კი კიდევ უფრო მცირე - 35კვ.მ-მდე.

„გაყიდვების თვალსაზრისით განვლილი 2 წელი სრულიად განსაკუთრებული იყო. ვხედავთ 2022-ში რამხელა ზრდა იყო, ჯამურად 40 796 ბინა გაიყიდა, 2023-ში კი 38 877. მიუხედავად იმისა, რომ 2023-ში კლება იყო, ის მაინც საკმაოდ მაღალ დონეზე რჩება თუ შევადარებთ ნორმალიზებულ 2019 წელს.

ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ 2024 წლის 8 თვეში ჯამურად ტრანზაქციების მიხედვით გაყიდვები შემცირებულია 2%-ით. ეს არის ნიშანი, რომ ბაზარი სტაბილიზაციისკენ მიდის და დიდ ნახტომს აღარ უნდა ველოდოთ. ჩვენი მოლოდინია რომ 2024 წელი დასრულდება შემცირებული გაყიდვებით, 2-5%-ის ფარგლებში, ხოლო 2025-ში არ ველოდებით გაყიდვების მნიშვნელოვან ზრდას. ჩვენი შეფასებით სწორედ ეს დონეა ორგანული თუ იმ ერთჯერად ფაქტორებს გამოვაკლებთ, რამაც პიკური მოთხოვნა გამოიწვია.

როცა გაყიდვებზე ვსაუბრობთ საინტერესოა რამხელა ბინებზეა მოთხოვნა, ძირითადად ტრანზაქციების გვხვდება 50-70კვ.მ ფართის ბინები და ყველა უბანში ასეა. თითქოს უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ძვირად ღირებულ უბნებში უფრო ნაკლები წილი უნდა ეკავოს ამ ტიპის ბინებს, მაგრამ ასე არ არის. შედარებით დიდი ბინების წილი 18%-ია ვაკეში და მთაწმინდაზე, დარჩენილში - 10%.

რაც შეეხება ბათუმს, 2024 წლის 8 თვეში 14%-იანი კლება გვაქვს, უფრო მაღალი ვიდრე თბილისში და წელი ასეთი შედეგით დასრულდება.10-15%-იანი კლებას ვვარაუდობთ, გააჩნია როგორი იქნება მომდევნო თვეები. რადგან ბათუმი საინვესტიციო ბაზარია, ის ბევრად უფრო მოწყვლადია სხვადასხვა მოვლენების მიმართ.

რაც შეეხება ბინების მახასიათებლებს, აქ ვხედავთ, რომ პირველ ზოლში ძირითადი მოთხოვნაა მცირე ზომის ბინებზე, ეს არის 35კვ-ზე ნაკლები. გარეუბნებს, ცენტრსა და პერიფერიებში კი უფრო დიდი ზომის ბინებს ყიდულობენ.

გაყიდვის არხებში თბილისსა და ბათუმში არ არის განსხვავება. სამი მთავარი გაყიდვის არხი და ფორმაა. ნაღდი ანგარიშსწორება, იპოთეკა და შიდა განვადებით. უდიდეს ნაწილს წარმოადგენს სწორედ შიდა განვადება.

ყიდვის მიზანს რაც შეეხება, თბილისში ყიდვის მიზანი 80%-ში არის საცხოვრებელი, ბათუმში ამოტრიალებულია და 85% საინვესტიციოა. მყიდველების 70% თბილისში არიან ადგილობრივი რეზიდენტები, ემიგრანტების წილი 12%-ია. ჩვენი შეფასებით, ეს უფრო მეტიც შეიძლება იყოს რადგან გამოკითხვა სრულად ვერ იჭერს ემიგრანტის მონაწილეობას. რაც შეეხება ბათუმს აქ ინვესტორების დიდი წილი 71% არარეზიდენტია, 26% ადგილობრივი და 3 % ემიგრანტი.“ - განმარტა პრეზენტაციისას ირინა კვახაძემ.

"სამშენებლო & დეველოპერული სექტორები - ტენდენციები, გამოწვევები 2024-2025" - ამ სახელწოდებით სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" BMG-ის გადაცემა "უძრავი ქონების პროსპექტმა" საკონსულტაციო კომპანია "პროსპექტთან" პარტნიორობით კონფერენცია გამართა.

ღონისძიების პირველი ნაწილი მთავარი პარტნიორის, “თიბისი კაპიტალის” პრეზენტაციას დაეთმო. კომპანიამ სტუმრებს უძრავი ქონების ბაზრის კვლევა წარუდგინა და იმ პოტენციალზე ისაუბრა, რაც სექტორს გააჩნია.

ღონისძების ფარგლებში პანელური დისკუსია გაიმართა, სადაც დარგის წამყვანი კომპანიების წარომადგენლებმა სექტორის განვითარებაზე ისაუბრეს, მიმოიხილეს სამშენებლო და დეველოპერული მიმართულებით არსებულ გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები და განვითარების ის შესაძლებლობა, რომელიც ინდუსტრიას საქართვლოში აქვს.

პანელურ დისკუსიაში თემო ბიწაძე - "ალიანს ჯგუფის" კომერციული დირექტორი, ვახტანგ ჩქარეული -„აპარტ ჯგუფი“ - ceo, ვასილ ფხაკაძე - „ბიოგრაფი ლივინგი“ აღმასრულებელი დირექტორი და ირინა კვახაძე - "თიბისი კაპიტალის" კვლევების უფროსი იღებდა მონაწილეობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები