„თიბისი კაპიტალის“ ინფორმაციით, თბილისში ქირიდან ამონაგები დღეისთვის 10.1%-ია, რაც სამომავლო პერსპექტივაში 8.5%-მდე დაკორექტირდება. როგორც კვლევების უფროსმა ირინა კვახაძემ BMG-ისა და საკონსულტაციო კომპანია „პროსპექტის“ ერთობლივ ღონისძიებაზე განაცხადა, ქირაზე მოთხოვნას საქართველოში მიგრანტებთან და ტურისტებთან ერთად უცხოელი სტუდენტები ქმნიან.
„ქირაზე ამონაგები დღეს არის 10,1%-ზე, ეს მაშინ როცა 10 წლიან სახაზინო ობლიგაციებზე არის 4,2%. მოლოდინს რაც შეეხება, ამონაგები შემცირდება, რაც გამოწვეული იქნება ქირის უფრო სწრაფი შემცირებით, ქირა ვერ შენარჩუნდება ამ ნიშნულზე და ჩვენი გათვლებით ის იმოძრავებს 8,5%-ის ფარგლებში.
ვინ ქმნის ქირაზე მოთხოვნას? ტურიზმია აქ მნიშვნელოვანი და ვხედავთ ერთ ღამეზე მეტხანს ვინც რჩება მათი რიცხვი უახლოვდება 2019 წლის მაჩვენებელს. ვფიქრობთ, რომ მომდევნო წლებში როცა სრულად დაიძლევა პანდემიური ნაწილი და დალაგდება კონფლიქტური ვითარება როგორც რეგიონში, ისე ახლო აღმოსავლეთში, ტურისტების წილი გაიზრდება.
ასევე ქირაზე მოთხოვნა გროვდება უცხოელი სტუდენტების მხრიდან , შარშან მათი რიცხვი იყო 30 ათასი და იყო ორნიშნა ზრდა წინა წელთან შედარებით. აქ იყო უკრაინის ფაქტორი, ბევრი სტუდენტი გადმოვიდა და მეორე მხრივ, უნივერსიტეტები აქტიურად მუშაობენ უცხო ბაზრებზე. თუმცა აქ გასათვალისწინებელია, რომ ეს არ იქნება პრემიუმ უძრავი ქონება, ეს იქნება ხელმისაწვდომი საცხოვრებელი,“ - აღნიშნა კვახაძემ.