„იაგოს ღვინომ“ 2022 წელს საექსპორტო ბაზრები გააფართოვა. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა იაგო ბიტარიშვილმა გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში საუბრისას აღნიშნა, ამჟამად მათი წარმოებული ღვინო 11 ქვეყანაში იყიდება.
„შეიძლება ითქვას, რომ ყოველ წელს ახალი ქვეყანა გვემატება. განსაკუთრებით აღსანიშნია ის, რომ დიდი ინტერესია აზიის ქვეყნებიდან, კერძოდ, ჩინეთიდან და სამხრეთ კორეიდან. ისინი ქართული ქვევრის ღვინის შეძენით პანდემიის პერიოდში დაინტერესდნენ და ეს პროცესი დღემდე აქტიურად გრძელდება", - განაცხადა იაგო ბიტარიშვილმა.
მისივე ცნობით, კომპანია ამ ეტაპზე ახალი ვენახების გაშენების პროცესშია და მას შემდეგ, რაც წარმადობა გაიზრდება, „იაგოს ღვინო“ სიმბოლური რაოდენობით ქართულ ბაზარზეც გამოჩნდება.
„რაოდენობიდან გამომდინარე ქვეყნებს ვეღარ ვიმატებთ. ბოლო სამი წელია, რაც ვენახების გაშენებაზე ვართ კონცენტრირებული, 2023 წელსაც ახალი ვენახის გაშენებას ვგეგმავთ, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი წარმოება დიდი რაოდენობით გაიზრდება, უბრალოდ ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უკვე არსებულ ქვეყნებში სტაბილურად ვიოპერიროთ და შემდეგ უკვე 2026-2027 წლებში სიმბოლური რაოდენობით ქართულ ბაზარზეც გამოვჩნდეთ", - განმარტავს „იაგოს ღვინის“ დამფუძნებელი.
რაც შეეხება ქართული ღვინის საექსპორტო საფასურს, ბიტარიშვილი „საქმიანი დილის“ ეთერში ამბობს, რომ ქართულ ღვინოს საკმაოდ მაღალი საფასო სეგმენტი უჭირავს.