თბილისში, Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში Freebusiness.ge კონფერენცია იმართება. მისი მთავარი სპიკერი ბიზნესმენი თემურ ჭყონიაა. ღონისძიების დაწყებამდე მან მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებული კრიზისის გადაჭრის გზა ახალი არჩევნებია.
"არჩევნების გაყალბებაზე მე ვერ ვისაუბრებ, ეს პოლიტიკოსების საქმეა, მაგრამ დღევანდელი მონაცემებით, ახალი არჩევნები არის დღევანდელი მოცემულობის გადამწყვეტი ფორმულა. თუ ვინმე სხვა უფრო სწორ ფორმულას შემოგვთავაზებს, იმასაც დავეთანხმებით", - აღნიშნა თემურ ჭყონიამ.
მისივე თქმით, "მაკდონალდს საქართველო" და "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია" სახელმწიფო ბიუჯეტში დიდ თანხას იხდის, თუმცა იყო პერიოდი, როცა ბიზნესები "საგადასახადოსთვის იხდიდნენ". ჭყონია ამბობს, რომ მას იმდროინდელი აზროვნებით ცხოვრება არ უნდა.
"ჩვენ ახლა ბიუჯეტში უშველებელ თანხებს ვიხდით.. იყო პერიოდი, როცა ჩვენ საგადასახადოსთვის ვიხდიდით ფულს, ახლა, უკვე 25 წელია 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და იგივე აზროვნებით გვინდა ცხოვრება? მე არ მინდა.
ჩვენი გზავნილი იქნება, რომ ყველამ თავისი როლი შეასრულოს მაღალ დონეზე. მე არ ვიცი, რა დონის პოლიტიკოსები გვყავს, მაგრამ ის, რომ საგარეო და შიდა პოლიტიკა.. გადაბრალება, შუღლის ჩაგდება და ერთმანეთის წაკიდება, ჩემთვის მიუღებელია", - განაცხადა მან.
ცნობისთვის, დღევანდელი კონფერენციის თემაა "არსებული კრიზისის მოსალოდნელი ეკონომიკური შედეგები".




























