„ჩვენი მიზანია, განახლებადი ენერგიის გამომუშავების სიმძლავრით, მათ შორის ქარისა და მზის ენერგეტიკული პროექტებით, უკვე კარგად ჩამოყალიბებულ ჰიდროენერგეტიკულ ბაზასთან ერთად, საქართველო განახლებადი ენერგიის რეგიონული ცენტრი გახდეს“ - ეს "ქართული ოცნების" ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
„მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-11 მინისტერიალზე, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა, ქვრივიშვილმა საქართველოში ენერგეტიკის დარგში მიმდინარე რეფორმებზე, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
მისი თქმით, დარგში მიმდინარე რეფორმები უზრუნველყოფს ენერგეტიკული ბაზრის გამჭვირვალობას, კონკურენტუნარიანობასა და ინვესტორებისთვის მიმზიდველობას, რაც ასევე მნიშვნელოვანია ევროპის ენერგეტიკულ ბაზართან უფრო მეტი ინტეგრაციისთვის.
ქვრივიშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა აშენებს ევროპული სტანდარტების ახალ გადამცემ ხაზებსა და ქვესადგურებს, რომლებიც გააძლიერებს ქსელის საიმედოობას და ხელს შეუწყობს ახალი განახლებადი სიმძლავრის ეფექტურ ინტეგრაციას.
მწვანე ენერგეტიკული დერეფნის მინისტერიალში ქვრივიშვილთან ერთად, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ბოგლარკა ილეში და რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი კრისტიან ბუსოი მონაწილეობდნენ.




























