მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩვენი მიზანია საქართველო-თურქეთის სავაჭრო ბრუნვა $5 მილიარდამდე გაიზარდოს - თურქეთის ვაჭრობის მინისტრი

ომერ ბოლატი

თურქეთის ვაჭრობის მინისტრის განცხადებით, საქართველოსთან სავაჭრო ბრუნვა 5 მლრდ დოლარამდე უნდა გაიზარდოს. ამის შესახებ ომერ ბოლატმა ქართველ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად საქართველო - აზერბაიჯანი - თურქეთის ბიზნესფორუმზე მონაწილეობის შემდეგ განაცხადა. მის კომენტარს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მან აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.

„წინანდალში სამმხრივი ფორუმი საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის იყო, როგორც დავოსის ფორუმი კასპიისა და კავკასიის რეგიონისთვის. ძალიან მიხარია, რომ ფორუმში სამი მეზობელი და მეგობარი ქვეყნის - საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ბიზნესსექტორის მხრიდან ასეთი დიდი და ძლიერი წარმომადგენლობაა. ეკონომიკური თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყნები ერთმანეთისთვის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან. თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია,” - განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრმა.

“ჩვენი ქვეყნების ლიდერების მითითებით, ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრების მიზანია, ეს მაჩვენებელი 5 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდოს”, - აღნიშნა ომერ ბოლატმა.

თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე ინვესტიციების მიმართულებით. ომერ ბოლატის თქმით, საქართველოში ბევრი თურქი ინვესტორია.

“თურქეთიდან განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა საქართველოში 2,2 მლრდ დოლარს გადააჭარბა და ისეთ სექტორებს მოიცავს, როგორიცაა ენერგეტიკა, ავიაცია, ტრანსპორტი და სხვა. თურქი ინვესტორები მოხარულნი არიან, რომ საქართველოში იმყოფებიან და თავიანთი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. ჩვენ ასევე ველოდებით ქართულ ინვესტიციებს თურქეთში”, - აღნიშნა ომერ ბოლატმა.

მისი განცხადებით, თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი კავკასიის რეგიონის მთავარი მოთამაშეები არიან საერთაშორისო ვაჭრობის, ტრანსპორტირებისა და ენერგეტიკის სფეროებში.

„შესაბამისად, ეს სამი ქვეყანა კიდევ უფრო გააძლიერებს მჭიდრო ეკონომიკურ ინტეგრაციას, ხოლო მსგავსი ბიზნესფორუმები ამ მიზნის მიღწევას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს”, - აღნიშნა თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა.

ცნობისთვის, საქართველოს $25.8 მილიარდიან სავაჭრო ბრუნვაში თურქეთი უმსხვილესი პარტნიორია. 2025 წელს საქართველო-თურქეთის ექსპორტ-იმპორტი მცირედით, 3.1 მლრდ დოლარამდე შემცირდა. წლიური კლება 3.8%-ია. მიუხედავად ამისა მეზობელი სახელმწიფო 12%-იანი წილით საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სავაჭრო ბრუნვის კლება ექსპორტის შემცირებამ განაპირობა, თუმცა იმპორტიც თითქმის 2024 წლის მაჩვენებელზეა. აღსანიშნია ისიც, რომ თურქეთთან სავაჭრო სალდო უარყოფითია, რაც იმას ნიშნავს, რომ იმპორტი ექსპორტს აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები