მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი მოლოდინით 13 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პპ-ით შემცირდება - ლაშა ქავთარაძე

ლაშა ქავთარაძე

13 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის თაობაზე მორიგი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. Galt & Taggart-ის ეკონომისტის, ლაშა ქავთარაძის შეფასებით, აგვისტოში არსებული დაბალი ინფლაციის მაჩვენებელი ეროვნულ ბანკს აძლევს საკმარის პირობას იმისთვის, რათა რეფინანსირების განაკვეთის შემცირება განაგრძოს და ის 0.25 პროცენტული პუნქტით შეამციროს. ამჟამად რეფინანსირების განაკვეთი 10.25%-ს შეადგენს. ამის შესახებ მან "საქმიან დილაში" ისაუბრა. 

ლაშა ქავთარაძის თქმით, წლიური ინფლაცია, რომელიც აგვისტოში 0.9% იყო, ივლისში არსებულთან შედარებით (0.3%) უფრო მაღალი იყო, თუმცა სებ-ი მის გარდა უყურებს საბაზო ინფლაციასაც, რამაც აგვისტოში 2.5% შეადგინა, რაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. სწორედ ამიტომ მოსალოდნელია, რომ განაკვეთი კიდევ შემცირდება.

“აგვისტოს ინფლაციის შედეგები ეროვნულ ბანკს აძლევს საშუალებას თამამად გააგრძელოს რეფინანსირების განაკვეთის შემცირება. სებ-ი უყურებს სურსათის, თამბაქოს და ენერგომატარებლების გამოკლებით ინფლაციის მაჩვენებლებს. ამას საბაზო ინფლაცია ეწოდება. საბაზო ინფლაციაც მნიშვნელოვნად შენელდა აგვისტოში, 2.5% შეადგინა და 2019 წლის შემდგომ ასეთი დაბალი მაჩვენებელი არ ყოფილა. ეს ინდიკატორები ეროვნულ ბანკს აძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენი მოლოდინით და ეროვნული ბანკის გაცხადებული გეგმით, 13 სექტემბერს დაგეგმილ სხდომაზე 0.25%-ით შეამციროს რეფინანსირების განაკვეთი,”- განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 11%-მდე გაზრდილი რეფინანსირების განაკვეთის შემცირება მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და ის ჯერ 0.5 პროცენტული პუნქტით, შემდეგ კი 0.25 პროცენტული პუნქტით შეამცირა. სებ-ის საბაზო პროგნოზით, 2023 წლის მეოთე კვარტლის ბოლოსთვის რეფინანსირების განაკვეთი 9.8% იქნება, ხოლო უკვე 2024 წლის პირველი კვარტლისთვის დამატებით 9.5%-მდე შემცირდება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები