მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი მოსახლეობა წამლებში წლიურად 200 მლნ ლარს დაზოგავს - ნიკა გამყრელიძე თურქეთიდან წამლების იმპორტზე

627ece1eeef9d
ალა ისპირიანი
15.05.22 10:00
1604
იმის გამო, რომ თურქეთიდან წამლების იმპორტია შესაძლებელი, მოსახლეობა ყოველ წელს 150-დან 200 მლნ ლარამდე დაზოგავს. ამის შესახებ “საქართველოს კაპიტალის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა გამყრელიძემ გადაცემა “ანალიტიკაში” განაცხადა.

მან ამ გადაწყვეტილებას ეფექტური უწოდა და აღნიშნა, რომ ეს სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის კოორდინირებული მუშაობის შედეგია.

"დიდი შანსია რომ უკეთესი პარტნიორობით, ჯანდაცვის სამინისტროსა და კერძო სექტორს შორის ბევრი კარგი საქმე გაკეთდეს. ამის კარგი მაგალითია თურქეთის ბაზრის გახსნა. ძალიან მაგარი რაღაც მოხდა, რადგან ყოველდღიურად ვიგებთ ჩვენი მომხმარებლების მოწყვლადი ნაწილი ამით რამხელა შეღავათს ნახულობს. ეს მოხდა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ძალიან აქტიური მოკლევადიანი სწრაფი და ეფექტური თანამშრომლობით. შედეგიც მალე დადგა, ვიდრე მაშინ დადგებოდა, ჩვენ ცალკე დავმსხდარიყავით, მარეგულირებელი ცალკე და რაღაცები დაგვეგეგმა. 

მარტო ჩვენი კომპანიის მაგალითზე მარტ-აპრილში 30 000-მა ადამიანმა 10 მლნ ლარი დაზოგა. ეს კონტროლის გზით კი არ მოხდა, არამედ თანამშრომლობის გზით. ჯანდაცვის სამინისტრომ ძალიან სწრაფი ეფექტური გადაწყვეტილებები მიიღო თუნდაც წამლების რეგისტრაციის მხრივ, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. ძალიან სწრაფად ვიმუშავეთ კოორდინირებულად ბიზნესმა და სახელმწიფომ და შედეგი არის. მოწოდების უწყვეტი ჯაჭვი ნელ-ნელა იქმნება და ამ გადაწყვეტილების გამო წელიწადში  ჩვენი მოსახლეობა 150-დან 200 მლნ ლარამდე დაზოგავს", - განაცხადა მან. 

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე წლის 17 იანვარს, ხელი მოაწერა დადგენილებას, რომლითაც „სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების სიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის №188 დადგენილებაში ცვლილებები შევიდა, კონკრეტულად კი აღნიშნული თარიღიდან, საქართველოში მედიკამენტების იმპორტიორი ქვეყნების სიას თურქეთის რესპუბლიკა დაემატა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები