ოქტომბრის დასაწყისში, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში “საერთაშორისო ასტრონომიული კონგრესი" (IAC) გაიმართა, რომელშიც ქართული ტექნოლოგიური კომპანია, Elven Technologies-იც მონაწილეობდა, რომელმაც კონგრესზე ორი პროდუქტი - დრეკადი რადიატორი და ცეცხლგაუმტარი კომპოზიტი წარადგინა.
როგორც Elven Technologies-ის დამფუძნებელი და დირექტორი, ვამეხ ხერხეულიძე ამბობს, ბაქოში გამართულ “საერთაშორისო ასტრონომიული კონგრესს” სამი ტიპის ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის სახელმწიფო კოსმოსური სააგენტოები, კოსმოსში გამშვები კომპანიები და კოსმოსური თანამგზავრების მწარმოებელი კომპანიები.
“შეხება, ძირითადად, სწორედ გამშვებ კომპანიებთან გვქონდა, რადგან ისინი უშვებენ კოსმოსში ისეთ ხომალდს, რომელსაც დედამიწაზე დაბრუნება სჭირდება. ინტერესი არის კორეელებისგან, ჩინელებისა და კორეელებისგან. კომუნიკაცია NASA-სთანაც გვქონდა, მაგრამ იქ NASA-ს რეალური წარმომადგენლობა არ იყო და შესაბამისად ინჟინრული საუბრის საშუალება არ იყო. თუმცა სხვა ქვეყნის კოსმოსურ სააგენტოებთან ინჟინრული საუბრის საშუალება ნამდვილად იყო, განსაკუთრებით დრეკადი რადიატორის მიმართ, რადგან ისინი ასტრონავტების კოსტიუმებს ამზადებენ”, - განაცხადა Elven Technologies-ის დამფუძნებელმა TECH INFORM-ში.
როგორც ვამეხ ხერხეულიძე ამბობს, რადიატორი, რომელიც ქართულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ შექმნა პარალელური შეერთების მქონე პირველი დრეკადი რადიატორია მსოფლიოში.
“დღეს, რადიატორების მთავარი პრობლემა - წარმოებაა, რის გამოც, დღემდე, NASA ასტრონავტის კოსტიუმის გაგრილებაში ერთ გრძელ მილს იყენებს, რომელიც გაგრილების ცენტრიდან იწყება, მთელ სხეულს მოივლის და უკან ბრუნდება. დაახლოებით ორასი მეტრის სიგრძის მილზე არის საუბარი და ამ მილში ნებისმიერი სითხის გატარება ასოცირებულია დიდ წნევასთან, რასაც უზარმაზარი პომპა სჭირდება, პომპას კი უზარმაზარი ბატარეა და შედეგად გაგრილების სისტემა მძიმდება. თუმცა ჩვენი რადიატორის შემთხვევაში, დინება პარალელურია, რის გამოც წნევა ეცემა და პომპა და ბატარეა, რომელსაც ვიყენებთ, საკმაოდ მცირე ზომისაა, შესაბამისად სისტემა მსუბუქდება”, - განაცხადა ვამეხ ხერხეულიძემ TECH INFORM-ში.
ქართული ტექნოლოგიური კომპანიის დამფუძნებლის თქმით, რადიატორი სილიკონისგანაა დამზადბეული, მაგრამ მისი შექმნა, რეალურად, ნებისმიერი დრეკადი და ჩამოსხმადი მასალისგან შეიძლება.
“ამ რადიატორის მთავარი ხიბლი ისაა, რომ ის მთლიანად არის ჩამოსხმული და შესაბამისად, სუსტი ადგილები არ აქვს. შეწებებულ ვერსიებს ინდუსტრია უკვე აწარმოებს, მაგრამ ისინი წნევის ზრდას ვერ უძლებს, ამ შემთხვევაში კი ეს პრობლემა არ გვაქვს”, - ამბობს ვამეხ ხერხეულიძე და დასძენს, რომ რადიატორის გარდა, მსოფლიოს წამყვანი კოსმოსური სააგენტოები Elven Technologies-ის ცეცხლგაუმტარი კომპოზიტითაც დაინტერესდნენ.
“ჩვენი კომპოზიტური მასალის გამოყენება ყველა ინდუსტრიაში შეიძლება, სადაც განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურის მქონე ალთან გვაქვს შეხება. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ისიც, რომ თუ შეხება მხოლოდ 800-გრადუსიან ალთან გვაქვს, ეს კომპოზიტი ზედმეტად მძლავრია, რადგან ამ ტემპერატურაზე უფრო იაფი ვერსიებიც მშვენივრად მუშაობს. ამ კომპოზიტის მთელი ხიბლი ისაა, რომ ის 2000 გრადუსსაც უძლებს, ხოლო ამ ტემპერატურაზე, დედამიწის პირობებში, მეტალების უმეტესობა დნება და იმ სხვა მასალებთან შედარებით, რომლებიც ამ ტემპერატურას უძლებს, ის საშინლად, 10-20-ჯერ იაფი და მინიმუმ ხუთჯერ მსუბუქია.
ნებისმიერი კოსმოსურ ხომალდს, რომელიც ატმოსფეროს გასცდება და უკან შემოდის, ამ დროს ძალიან დიდ ტემპერატურას განიცდის, რა დროსაც ზედაპირი 1600-1800 გრადუსამდეც კი ხურდება. ამ ზედაპირს სპეციალური შრეებით იცავენ, რომლებიც, ძირითადად, მეტალო-კერამიკული ან კერამიკულია და რომელთა ფასი ჩვენს კომპოზიტზე, საშუალოდ, ათჯერ ძვირი ღირს, ხოლო წონით დაახლოებით ხუთჯერ უფრო მძიმეა. ამგვარად, თუ მეტალო-კერამიკას ჩვენი მასალით შევცვლით, კომპანია დაზოგავს არამხოლოდ თანხას, არამედ წონასაც”, - განაცხადა ვამეხ ხერხეულიძემ TECH INFORM-ში.