საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავას განცხადებით, ეკონომიკური ზრდის აპრილისა და მაისის მონაცემები იძლევა ოპტიმიზმის შესაძლებლობას, რის საფუძველზეც შესაძლოა პროგნოზი გადაიხედოს. პროგნოზის შემდეგი განახლება აგვისტოშია მოსალოდნელი. ცნობისთვის, საქსტატის მიხედვით, 2021 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა წინა წელთან შედარებით 11.5%-ით გაიზარდა. ასეთი მაღალი ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი აპრილში არსებული 44.8%-ის და მაისში 25.8%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო.
„ბოლო მონაცემით ჩანს, რომ წინა პროგნოზი აუცილებლად იქნება გადახედილი. ჩვენი ბოლო პროგნოზი იყო 4%-იანი ზრდა, თუმცა, გაცილებით მაღალი გვექნება. აპრილის და მაისის მონაცემები გვაძლევს ოპტიმიზმის შესაძლებლობას. ზუსტად არ ვიცით რამდენით, სავარაუდოდ 7-8%-ით შეიძლება გაიზარდოს.
ოპტიმისტურ სცენარში არ არის გამორიცხული რომ ორნიშნამდეც ავიდეს. პირველი ხუთი თვის ნაერთი ზრდა 11.5% გამოვიდა, შესაბამისად იგივე ტემპით თუ გაგრძელდა, ეს ოპტიმიზმის საშუალებას გვაძლევს. საბაზისო სცენარში ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთნიშნას შევინარჩუნებთ, მაგრამ სხვადასხვა სცენარი გვექნება და არ არის გამორიცხული, რომ ორ რიცხვამდეც ავიდეს“, - განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.
რაც შეეხება ინფლაციას და ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას, პაპუნა ლეჟავამ აღნიშნა: „პერიოდულად ვიყენებთ დამხმარე ინსტრუმენტებს, იმ მიზნით რომ მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმი გაგვიაქტიურდეს, თუმცა, მთავარ ინსტრუმენტად ამ ეტაპზე საპროცენტო განაკვეთი რჩება. საპროცენტო განაკვეთის მაღალ ნიშნულზე გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების შემთხვევაში, ეს ინფლაციის მასტიმულირებელი ვერ იქნება, თეორიულად ამის შესაძლებლობა არ არსებობს, პირიქით, ეს გამკაცრებული პოლიტიკა ნიშნავს, რომ ინფლაცია უნდა შემცირდეს“.
მისივე განცხადებით, ინფლაციაზე ბევრი ფაქტორი ახდენს ზეგავლენას. მათ შორის ყველაზე ყურადსაღები საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო ფასების ზრდაა, რაც ძირითადად სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე აისახა.
„ჩვენი პროგნოზით, ინფლაცია შენარჩუნდება მაღალ დონეზე. ივნისის ინფლაციაც წინა თვეზე საკმაოდ მაღალი იქნება. მომდევნო თვეებში გააგრძელებს მაღალ დონის შენარჩუნებას, თუმცა, უკვე კლების ტემპი ექნება. დღეს არსებული პროგნოზით, მომდევნო წლის მეორე კვარტალიდან ვფიქრობთ, რომ დაუბრუნდება ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს, შესაბამისად, ჩვენ ვაპირებთ რომ გამკაცრებული პოლიტიკა შედარებით უფრო ხანგრძლივად შევინარჩუნოთ, მანამ სანამ ინფლაციის მოლოდინები არ დაუბრუნდება მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს“, - განაცხადა მან.




























