მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენი საახალწლო კალათის საფასური დაახლოებით 250 ლარია“ - "ჩირჩხელა"

63a072fe2103b
BM.GE
19.12.22 20:30
701
ჩურჩხელისა და ჩირის მწარმოებელი კომპანია „ჩირჩხელას“ საახალწლო კალათის საფასური წინა წლებთან შედარებით 20-30%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა გური სალუქვაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ფასის ზრდა პროდუქციის საფასურის ზრდამ გამოიწვია.

„კალათის საფასური იმის მიხედვით იზრდება შიგნით რა რაოდენობის პროდუქცია დევს. ძირითადად ვდებთ ღვინოს, თაფლს, ჩურჩხელას, ტყლაპს და ჩირს. პროდუქციის საფასურის მკვეთრმა ზრდამ ჩვენზეც იმოქმედა, ამიტომ წინა წლებთან შედარებით საახალწლო კალათების საფასური 20-30%-ით გაიზარდა და ამჟამად დაახლოებით 250 ლარი ღირს, თუმცა გვაქვს პატარა კალათაც, რომლის ფასიც 60-90 ლარია. არის შემთხვევები, როდესაც დიდი რაოდენობის შეკვეთაა და ამ დროს ვცდილობთ შეღავათიანი ფასი დავადოთ,“ - აცხადებს გური სალუქვაძე.

რაც შეეხება ყველაზე გაყიდვად პროდუქტს, ის ამბობს, რომ ჩურჩხელაზე მოთხოვნა საგრძნობლადაა გაზრდილი.

„ჩურჩხელაზე მოთხოვნა სულ უფრო და უფრო იზრდება, ადრე თუ ძირითადად ტურისტები ინტერესდებოდნენ, ახლა ჩვენს პროდუქციას ქართველი მომხმარებლებიც აქტიურად ყიდულობენ. ახალი წლისთვის ძალიან ბევრი შეკვეთა გვაქვს, 10 ადამიანი ვართ ჩართული კალათების მომზადებაში და ხშირად ღამეების გათენებაც გვიწევს,“ - განმარტავს „ჩირჩხელას“ დამფუძნებელი.

შეგახსენებთ, რომ "ჩირჩხელა" ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს და თბილისში ორ მაღაზიას ფლობს. კომპანიას წარმოება კახეთსა და გურიაში აქვს და 25 სახეობის ჩირეულს, 10 სახეობის ტყლაპსა და 8 სახეობის ჩურჩხელას აწარმოებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები