საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომა გაიხსნა, რისთვისაც საქართველოს დელეგაცია ბაქოში იმყოფება. სხდომის გახსნისას აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
აზერბაიჯანის პრემიერის თქმით, გასული დროის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა.
„პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. გასული დროის განმავლობაში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა. ეს თანამშრომლობა ყველა მნიშვნელოვან სფეროს მოიცავს და გააჩნია ფართო იურიდიული ბაზა, აქ შედის 140-მდე დოკუმენტი.
ჩვენს ქვეყნებს შორის აქტიური პოლიტიკური დიალოგი არსებობს. საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ერთმანეთს ყოველთვის მხარს ვუჭერთ. ჩვენ რთულ პერიოდებში ყოველთვის ერთმანეთის გვერდით ვართ. აღნიშნული ტრადიცია დღესაც გრძელდება. ტერიტორიული მთლიანობის თემაზე ურთიერთმხარდაჭერა განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო.
ჩვენი ეკონომიკური სავაჭრო თანამშრომლობა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო აზერბაიჯანის ერთ-ერთი უმთავრესი სავაჭრო პარტნიორია. მართალია, გასულ წელს ჩვენი სავაჭრო ბრუნვა ცოტათი შემცირებულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს დროებით ხასიათს ატარებს. ეკონომიკური პოტენციალის მთლიანად რეალიზაციისთვის საჭირო ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ეს საკითხი, რა თქმა უნდა, ყურადღების ცენტრში იქნება“, - აღნიშნა ალი ასადოვმა.
ცნობისთვის, 2024 წლის 11 თვეში საქართველო-აზერბაიჯანის სავაჭრო ბრუნვა შემცირდა და 1,1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში 1,3 მლრდ აშშ დოლარი იყო.
აღსანიშნავია, რომ ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის დედაქალაქს დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაშიცაა "ოცნების" მინისტრები: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე. დელეგაციაშია ასევე, "ოცნების" მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.




























