მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენი შვილები ამაყობენ ჩვენით" - "ოცნების" დეპუტატები

ოცნება

“ქართული ოცნების” დეპუტატები პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებას ეხმაურებიან. პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი პრეზიდენტის ვეტოს მოტივირებულ შენიშვნებს არ იზიარებს და აცხადებს, რომ, თუ პრეზიდენტისთვის კონკრეტული დებულება მიუღებელი იყო, კანონის მოქმედების ვადის განსაზღვრის ნაცვლად, ახალ კანონპროექტში მათ შეასწორებდა.

“გიორგი [მსხილაძეს], ლევან ბეჟაშვილმა კი დაგაკვალიანათ კარგად, როგორ უნდა გაგეცათ პასუხები, და მერე კი მოიშველიეთ ვენეციის კომისიის დასკვნა, მაგრამ ვეტო რომ დასკვნის მიღებამდე გამოაგზავნეთ, სად ჩანდა თქვენი სურვილი, რომ ვენეციის კომისია ჩაგერთოთ ამ პროცესში? ჩემს კითხვაზე, ამერიკაში “აგენტების” დაძახება არასამთავრობო ორგანიზაციებს უშლის ხელს თუ არა-თქო, მიმტკიცებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არ არიან FARA-ში, ხართ თუ არა საქმის კურსში, რომ “გერმანიის საერთაშორისო გამჭვირვალობა” რეგისტრირდება FARA-ში? და იქნებ ამიხსნათ, თქვენი ლოგიკით, გიული ალასანია და “ფორმულა”, როგორ მოხვდნენ ამ რეესტრში?!

ასევე, ისრაელის კანონს შეეხეთ და ამბობთ, რომ თურმე იქ გაცილებით დაბალი ყოფილა ზღვარი - თქვენთვის ზღვარი ან რომელიმე პრინციპი რომ ყოფილიყო მნიშვნელოვანი, ვეტოს წარმოდგენის დროს პრინციპზე და ფორმულირებაზე დაგვიწერდით შენიშვნებს, და არა ერთდღიან კანონზე მითითებებს”, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

“ოცნების” დეპუტატი მსხილაძის კონკრეტულ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელშიც პრეზიდენტის წარმომადგენელმა უმრავლესობას მიმართა და უთხრა, რომ დეპუტატებს თავიანთი შვილებისთვის მოუწევდათ პასუხის გაცემა. წილოსანის თქმით, დეპუტატების შვილები იამაყებენ კანონის მიღებით.

“ჩვენი შვილების ხსენებით, არა მარტო არაკომპეტენტური და შეურაცხმყოფელი ხართ მაგ თანამდებობისთვის, არამედ სრულიად ამორალური ადამიანი ბრძანდებით. ჩვენი შვილები იამაყებენ იმით, რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ და ჩვენი ქვეყანა იამაყებს თავისი სუვერენიტეტის განმტკიცებით. თქვენ და თქვენი უფროსი სად იქნებით ისტორიის ფურცლებზე, მაგას დაგანახვებთ, აქ [პარლამენტში] შევხვდებით, თუ ქვეყნიდან არ გაიქცევით”, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მსხილაძის ამ განცხადებას ეხმაურება “ოცნების” კიდევ ერთი დეპუტატი, ეკა სეფაშვილიც, რომელიც აცხადებს, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს რუსული კანონის საწინააღმდეგო არგუმენტები არ წარუდგენია. მისივე თქმით, მსხილაძის მიერ დეპუტატთა შვილების ხსენება მათთვის მორალური ზიანის მიყენებას ემსახურება.

“ჩვენ ისევ ვერ მოვისმინეთ თქვენგან ვერცერთი არგუმენტი. მოვისმინეთ მხოლოდ მანიპულაციური დასკვნები და ტყუილზე დაფუძნებული განცხადებები. მინდა შევაფასო თქვენი მდაბიო საქციელი, როდესაც ჩვენს შვილებს ახსენებთ. თქვენი და საზოგადოების ინფორმირებისთვის, ჩვენი, ყველას შვილები ჩვენით ამაყობენ! ჩვენ ისეთს არაფერს ჩავდივართ, რომ ჩვენს შვილებს შერცხვეთ ჩვენი საქციელის. ჩვენ ჩვენს ქვეყანას ვიცავთ და თქვენ მიერ მათი ხსენება არის მდაბიო საქციელი. ეს არის თქვენი უსუსური მცდელობა, როგორმე მორალური ზიანი მაინც მოგვაყენოთ, რაც არ გამოგდით”, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მსხილაძის განცხადებას გამოეხმაურა “ქართული ოცნების” წევრი რამინა ბერაძეც, რომელმაც განაცხადა, რომ მისი შვილი ღირსეული ახალგაზრდა მოქალაქეა.

“ძალიან მძიმეა, როდესაც ჩვენს შვილებზე საუბრობთ. ცოტა უხერხულიც კია თქვენი მხრიდან ამის გაკეთება, რადგან პირადად მე, თუკი რამე გამიკეთებია, ეს არის ჩემი შვილი, რომელიც ნამდვილად ღირსეული ახალგაზრდა და ერთი ღირსშესანიშნავი მოქალაქეა, რომელიც გამოადგება ჩვენს ქვეყანას.

მე მაქვს თქვენთან კითხვა: თქვენ რას ეუბნებით თქვენს შვილებს გუშინდელი და დღევანდელი დღისთვის, თქვენი საქციელისთვის, რასაც ამ დღეების განმავლობაში აკეთებთ? ისტორიაში ვინ როგორ შევა, ამას ისტორია შეაფასებს, ჩვენი შვილები ისტორიაში შევლენ ღირსებით, პატრიოტიზმით, რწმენით და მთავარი პათოსით, რომელიც თითოეული მათგანისთვის არის: ენა, მამული და სარწმუნოება - თქვენგან განსხვავებით”, - განაცხადა რიმა ბერაძემ.

პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს კანონპროექტს ამ წუთებშიც განიხილავენ. კანონპროექტი პარლამენტს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ წარუდგინა და მოუწოდა თითოეულ მათგანს, რომ გადაწყვიტონ, დადგებიან თუ არა ისტორიის სწორ მხარეს. უმრავლესობის დეპუტატები აცხადებენ, რომ პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს დღეს დაძლევენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები