მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩვენი შვილები ისწავლიან ბიძინა ივანიშვილზე" – ვინ რა სიტყვებით მიულოცა ივანიშვილს დაბადების დღე

ივანიშვილი

დღეს, 18 თებერვალს "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის და დამფუძნებლის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის 69-ე დაბადების დღეა.

იუბილის მისალოცი პოსტები გაავრცელა "ოცნების" მთავრობის და პარლამენტის წევრების უმეტესობამ ისევე, როგორც პარტიის წევრებმა.

მილოცვებში ცოტა იყო ნათქვამი ივანიშვილის პიროვნულ ღირსებებზე და ქველმოქმედებაზე. თანაპარტიელების უმრავლესობა მას მადლობას მშვიდობისთვის უხდის.

"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერი ირაკლი კობახიძე

„ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ დაბადების დღეს! ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო ცხადად დაადასტურა, როგორ ბეწვის ხიდზე გაიარა საქართველომ განსაკუთრებით ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. რომ არა ბიძინა ივანიშვილი, საქართველო და ქართველი ხალხი დღეს იქნებოდა ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაში, ვიდრე ახლა უკრაინა და უკრაინელი ხალხი იმყოფება.

ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა ის, რაც ასე ძლიერ გვაკლდა საქართველოში – სახელმწიფო საქმის მოთმინებით კეთების კულტურა. ჭარბი ემოციები და მოუთმენლობა ჩვენს ქვეყანას რამდენიმე ომად, უცხოური აგენტურის ცხრაწლიან ავტორიტარულ მმართველობად და მძიმე ეკონომიკურ ჩამორჩენად დაუჯდა. ბიძინა ივანიშვილის ლიდერობის პირობებში ქვეყანამ ყველაზე რთული გამოწვევები წარმატებით დაძლია, თორმეტწლიანი უწყვეტი მშვიდობა შეინარჩუნა და სწრაფ ეკონომიკურ წინსვლას მიაღწია.

ბატონ ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ ვულოცავ დაბადების დღეს და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ვუხდი მადლობას ყველა იმ დიდი საქმისთვის, რომელიც მას საქართველოსთვის და მისი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის უკეთებია!“.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი

"ისტორიაში არაერთი გამორჩეული ადამიანის შესახებ გვისწავლია. ჩვენი ქვეყნის საბედისწერო მომენტებს ყოველთვის კონკრეტული მისიით დაბადებული დიდი ადამიანები ქმნიდნენ.

დღეს იმ ადამიანის დაბადების დღეა, ვისი მისიაც, ვფიქრობ, ქვეყნისათვის თავდადება და გამარჯვება იყო. ჩვენი შვილები ისწავლიან ბიძინა ივანიშვილზე და იტყვიან, რომ ამ ადამიანმა გადაარჩინა საქართველო ნაცების ტირანიას და იხსნა ჩვენი ულამაზესი ქვეყანა ომისგან და აოხრებისგან.

დაბადების დღეს ვულოცავ ჩვენი ერის კაცს — ბიძინა ივანიშვილს!".

"დაბადების დღეს ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს!

უპრეცედენტო ქველმოქმედება, 12 წლიანი მშვიდობისა და განვითარების უზრუნველყოფა, ქვეყნის გადარჩენა და დაცვა უამრავი გამოწვევებისა და სირთულეების დროს, მხოლოდ რჩეულთა ხვედრია და ეს განსაკუთრებული მისია დამსახურებულად ხვდა წილად ბიძინა ივანიშვილს.

მჯერა, მისი ლიდერობით წინ კიდევ უფრო დიდი გამარჯვებები გველოდება!".

"ოცნების" არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი

"ჩვენს საამაყო ერისკაცსა და ჭეშმარიტ პატრიოტს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ დაბადების დღეს!".

თბილისის მერი კახა კალაძე

"ვულოცავ დაბადების დღეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ადამიანს, რომელმაც ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების ისტორია დაწერა.

დიდია მისი წვლილი საქართველოს აღმშენებლობაში, ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტების განხორციელებაში, თუმცა ბიძინა ივანიშვილის მთავარი ქველმოქმედება პოლიტიკაში მოსვლა და მისი პოლიტიკური საქმიანობაა.

დღეს, როცა მსოფლიო მოწმე გახდა ლიბერალიზმის ნიღბით შეფუთული ფაშიზმის გამოაშკარავების, ხელისგულზე დაიდო ყველა პროცესი, თვალხილული გახდა საფრთხე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით "ქართულმა ოცნებამ" აარიდა ქვეყანას.

ჩვენი ქვეყნის გადარჩენის ერთადერთ გზაზე იყო უამრავი გამოწვევა, სანქციები, მუქარა და შანტაჟი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, თუმცა მან, ზუსტად ისე, როგორც 2012 წელს, ქართველ ხალხთან ერთად, მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მხარდაჭერით, ღირსეულად იარა ამ გზაზე, საქართველო აარიდა ომს და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს დღევანდელ თარიღს, ვუსურვებ მას ჯანმრთელობას და დღეგრძელობას საქართველოს საკეთილდღეოდ!".

"ოცნების" მთავრობის ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი

"ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს!

მისმა ძალისხმევამ და ლიდერობამ ჩვენს ქვეყანას მოუტანა მშვიდობა, თავისუფლება და მომავლის რწმენა. ვუსურვებ, ბატონ ბიძინას ჯანმრთელობასა და სულის სიმტკიცეს ქვეყნის განვითარებისა და ნათელი მომავლისთვის!".

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე

"დღეს იმ კაცის დაბადების დღეა, რომელმაც შექმნა საქართველოს სხვა ისტორია - ღირსეული, ამაყი, თავისუფალი და არა ვინმეზე დამოკიდებული, არა ვინმეს დავალებების შემსრულებელი, არამედ საკუთარი, ეროვნული ინტერესებით მოქმედი ქვეყნის უახლესი ისტორია!

ამასთან შეძლო ეჩვენებინა პერსონალური უკომპრომისობის მაგალითი მთელი მსოფლიოსთვის, როდესაც საქმე საკუთარ სამშობლოს ეხება!

უშეცდომოდ განსაზღვრა ყველა (დღევანდელი გადასახედიდან უალტერნატივო) პოლიტიკური სვლა, რომელიც წინა, ურთულესი წლების, საქართველოსთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამოწვევების გადალახვას სჭირდებოდა!ამასაც უკვე უახლესი ისტორია ადასტურებს!

დაბადების დღეს ვულოცავ სამაგალითო ქართველ კაცს, ბიძინა ივანიშვილს!".

მასალა განახლდება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები