ჩვენთვის მთავარია ის, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი პრინციპული პოზიცია და ჩვენ გვაქვს ჩვენი წითელი ხაზები, რაც დაკავშირებულია, რა თქმა უნდა, დეოკუპაციის საკითხთან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსეთ-საქართველოს დიალოგთან დაკავშირებით გაკეთებულ სერგეი ლავროვის განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, დეოკუპაცია საქართველოს მთავრობისთვის წითელი ხაზია, რომელიც გადახედვას არ ექვემდებარება.
„ეს არის ჩვენთვის წითელი ხაზი. რა თქმა უნდა, არავითარ კომპრომისს ეს საკითხი არ ექვემდებარება. დეოკუპაცია არის წითელი ხაზი, რომლის გადახედვას, ბუნებრივია, არ ვაპირებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთის საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის მზადაა, თუმცა ჯერ პოლიტიკური დიალოგის განახლების წინაპირობებს ვერ ხედავენ. "იზვესტია" წერს, რომ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ოფიციალური თბილისი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ოფიციალური მოსკოვის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე უარის თქმას უკავშირებს. რუსეთში კი მიიჩნევენ, რომ ეს მოთხოვნა არარეალურია. "ბურთი საქართველოს მხარესაა", - აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.




























