მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი წარმოება 70%-ით გაიზარდა - "ნათენაძის მარნის" მფლობელი

5e187f4a52140
ვიქტორია მღებრიშვილი
10.01.20 20:19
2052
„ნათენაძის მარანის“ მესხური ღვინოები Forbes-ის საუკეთესო დასაგემოვნებელ ღვინოებს შორის მოხვდა.

მესხური ღვინის მწარმოებელი და "ნათენაძის მარნის" დამფუძნებელი გიორგი ნათენაძე BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, რომ 2018-2019 წლებში მათი ღვინის წარმოება 70%-ით გაიზარდა.

„2013 წლიდან ექსპორტზე გამაქვს ღვინო, პირველად იაპონიაში გავიტანე, დღეს გამაქვს უკვე 7 ქვეყანაში - აშშ, იაპონია, ბრიტანეთი, დანია, შვეიცარია, ბელგია, გერმანია; იტალიასთან და შვედეთთან მოლაპარაკებები გვაქვს და ვფიქრობთ, ამ ქვეყნებში შესვლასაც. ასევე მივდივარ პირველად ესპანეთში საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად. მსოფლიოში ჩემი ღვინის რეკლამირებისგან მიღებულ შედეგს ყოველთვიურად ვხედავ. თუ წლების განმავლობაში 1 000-1 500 ბოთლს ვაწარმოებდით, 2018-2019 წლებში წლიურმა წარმოებამ 5000 ბოთლზე მეტი შეადგინა“, - ამბობს „ნათენაძის მარნის“ დამფუძნებელი.

ამასთან, გიორგი ნათენაძემ ამბობს, რომ გაზრდილი წარმოების პარალელურად, გაიზარდა ექსპორტირებული ღვინის მოცულობა და შესაბამისად ექსპორტიდან მიღებული შემოსავალიც.

„ჩემი წარმოების 90%-ი ექსპორტზე გამაქვს. ექპორტირებული ღვინის მოცულობა 70%-ით გაიზარდა. ერთი ბოთლი ღვინის საშუალო ღირებულებამ 15 ევრო შეადგინა. სამი სახის ღვინოს ვაწარმოებთ: მესხური თეთრი, მესხური წითელი, თამარის ვაზი, რომელიც ყველაზე მცირე როდენობით 670 ბოთლი იწარმოება“, - უთხრა BM.GE-ის მესხური ღვინის მწარმოებელმა.

მეღვინემ ბაზრების დივერსიფიცირების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ ბაზარზე დამოკიდებულება, სავალალოა არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ბიზნესისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც.

„ჩვენ გვაქვს მეორე კომპანია „ვარძიის ტერასები“, სადაც 24 სახეობის მესხური წარმოშობის ვაზის ჯიში 10 ჰექტარზე გავაშენეთ. „ნათენაძის მარანი“ არის პირველი მეურნეობა, რომელმაც 2013 წელს დაიწყო ღვინის ექსპორტზე გატანა და დღეს უკვე მსოფლიოს 7 ქვეყანაში გაგვაქვს ღვინო. როდესაც „ვარძიის ტერასებიდან“ გვექნება ის რაოდენობა, რომ ჩამოვასხათ იდეალური ღვინო, ჩვენთვის საექსპორტო ბაზრები გახსნილი იქნება. თუ შეგვექმნება ერთ ქვეყანაში რაიმე სახის პრობლემა, მაშინ მოგვიწევს სხვა ქვეყნის ბაზარზე შესვლა, ამიტომ მე ვცდილობ, რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში მიცნობდნენ, მეტ ქვეყანაში იყოს მოთხოვნა... თუნდაც ახლა, მოვისმინეთ რომ ტრამპმა განაცხადა ევროკავშირისთვის ამერიკაში იმპორტირებულ ღვინოზე გადასახადი უნდა გაორმაგდესო, თუ შედის 15 ევროდ, გახდება 30 ევრო, შესაბამისად ევროპიდან ღვინის ექსპორტი ამერიკაში მოიკლებს. ეს ჩვენზე არ ვრცელდება, მაგრამ შესაძლოა საქართველოც დადგეს დღის წესრიგში, ამიტომ ყოველთვის უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ რუსეთი იქნება, ჩინეთი თუ ამერიკა, არ ვიყოთ მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაზე დამოკიდებული და შეგვეძლოს ბევრ ქვეყანასთან ურთიერთობა და გვქონდეს გამზადებული ალტერნატიული ბაზრები“, - ამბობს გიორგი ნათენაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები