საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ამ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა. ამ თემით გახსნა დღეს მთავრობის სხდომა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ცესკოს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს, ცესკოს მდივანს, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეს, ცესკოს შესაბამის წევრებს.
გუშინწინ შეჯამდა არჩევნების შედეგები და საბოლოოდ დადგინდა, რომ მმართველმა გუნდმა, ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვა დამაჯერებლად ამ არჩევნებში, რისთვისაც ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ. ეს გამარჯვება იყო ძალიან დამაჯერებელი, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართულმა საზოგადოებამ ზუსტად მიიღო ის გზავნილი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ეს იყო გადამწყვეტი არჩევნები, იყო ერთგვარი რეფერენდუმი პირველ რიგში ომსა და მშვიდობას შორის და ქვეყნის ბნელ წარსულში დაბრუნებასა და ქვეყნის ნათელ და ევროპულ მომავალს შორის. არჩევანი გაკეთდა სწორედ ქვეყნის ნათელი მომავლის სასარგებლოდ. კიდევ ერთხელ მადლობა ქართველ ხალხს იმისთვის, რომ სათანადო პოზიცია დაიკავა ამ არჩევნებზე და მხარი დაუჭირა ქვეყნის გრძელვადიან და სტაბილურ განვითარებას. გამარჯვება იყო ძალიან დამაჯერებელი. ჩვენ 890 ათასზე მეტი ხმით მოვუგეთ მეორე ადგილზე გასულ პარტიას. 325 ათასზე მეტი ხმით მოვუგეთ მთელ რადიკალურ ოპოზიციას ერთად აღებულს, რაც საბოლოო ჯამში დადგინდა ცესკოს მიერ გამოქვეყნებული საბოლოო ოქმით.
ძალიან დიდი იყო წნეხი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე. იყო ძალიან მძიმე ინციდენტი, რაც ვიხილეთ გუშინწინ, თუმცა ცესკოს შემადგენლობამ სათანადოდ გაიარა ეს პროცესები და საბოლოო ჯამში უზრუნველყო არჩევნების უმაღლეს დონეზე ჩატარება. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ცესკოს და ცესკოს წევრებს ამისთვის“, - აღნიშნა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რადიკალური ოპოზიცია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ეს მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება.
„მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით გაგრძელდეს პროცესები. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ გაგრძელდეს შეუფერხებელი განვითარება. ჩვენ გვახსოვს წინა წლების განმავლობაში, როდესაც ძლიერდებოდა ხოლმე რადიკალური ოპოზიცია, სუსტდებოდა სახელმწიფოს პოზიციები, როდესაც დასუსტებული იყო რადიკალური ოპოზიცია, ამ დროს უფრო ძლიერი იყო ხოლმე ყოველთვის სახელმწიფო. შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის დასუსტება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა იმისათვის, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერე და ჩვენი ქვეყნის განვითარება სწორი მიმართულებით. იმდენად მძიმე მდგომარეობაშია ოპოზიცია, ალბათ შეგვეცოდებოდა, რომ არ ვიცოდეთ, რა ბოროტ ძალასთან გვაქვს საქმე. საქმე გვაქვს უსამშობლო ადამიანებთან, რომელთა დასუსტება არის მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლო ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს განვითარებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.