აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელი, გიორგი კიზირია აცხადებს, რომ საქართველოში ახალი აეროპორტის აშენების მიზანშეწონილობის რეკომენდაცია სწორედ ADB-იმ გასცა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კვლევები გრძელდება და 2024 წლის განმავლობაში ახალი აეროპორტის მასტერპლანი უკვე მზად იქნება.
„უკვე რამდენიმე წელია ვთანამშრომლობთ საქართველოს აეროპორტებთან და ეკონომიკის სამინისტროსთან ამ მიმართულებით. ADB-იმ გამოყო ტექნიკური დახმარება და მოვახდინეთ საქართველოს აეროპორტის სექტორის შეფასება. მათ შორის კვლევა შეეხო თბილისის აეროპორტს, ისევე როგორც სხვა აეროპორტებს საქართველოში. ამ კვლევის ფარგლებში ნათლად გამოიკვეთა აეროპორტის გაფართოების საჭიროება, ზოგადად, ნაკადების ზრდიდან, რომელიც ბოლო წლებში ფიქსირდება. ტურიზმის ზრდამ მნიშვნელოვნად გაზარდა მგზავრთნაკადები, მით უმეტეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. აქედან გამომდინარე, ნათლად გამოიკვეთა დამატებითი სიმძლავრეების საჭიროება აეროპორტში. განხილული იქნა რამდენიმე ვერსია, მათ შორის არის არსებული აეროპორტის გაფართოება, ისევე როგორც ახალი აეროპორტი, კონკრეტულად ვაზიანის ვარიანტი. პრინციპში ამ კითხვებზე პასუხები საკმაოდ ნათელი გახდა კვლევის ჩატარების შემდეგ“, - განაცხადა კიზირიამ.
ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლებელი იყო თუ არა უკვე არსებული აეროპორტის გაფართოება, კიზირია პასუხობს, რომ მგზავრთნაკადის ზრდის გამო არსებული აეროპორტი გაფართოების მიუხედავად, შესაბამის გამტარიანობას ვერ უზრუნველყოფდა.
„ჩვენმა კვლევამ გამოკვეთა, რომ ახალი აეროპორტის აშენება საქართველოში იქნებოდა უფრო მიზანშეწონილი. არსებული აეროპორტის გაფართოება შესაძლებელია, მაგრამ მგზავრების იმ მოცულობის მიღება, რაც ახალი აეროპორტს აშენების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, ძველის გაფართოების შედეგად შეუძლებელი იქნება. როცა კეთდება წინასწარი გათვლები, როგორი ტენდენციებია ეკონომიკაში, როგორი ტურიზმში, აქედან გამომდინარე იქნა ეს დასკვნა გაკეთებული. თუ ამ გათვლებს არ გავითვალისწინებთ, შეიძლება მივიღოთ სურათი, რომ გავაფართოებთ არსებულ აეროპორტს, მოცულობების მისაღებად არ იქნება საკმარისი და მოგვიწევს ახალი აეროპორტის გაკეთება და ორჯერ გადავიხდით თანხას“, - განაცხადა კიზირიამ.
რაც შეეხება ტერიტორიას, თუ რატომ შეირჩა კონკრეტულად ვაზიანის ტერიტორია, ADB-ის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ ეს მოხდა ერთობლივად კვლევაში ჩართული ყველა მხარის თანხმობით.
„შერჩევის პროცესი იყო ერთობლივი და მასში ჩართული იყო აეროპორტი, აზიის განვითარების ბანკი, ჩვენ მიერ დაქირავებული ექსპერტები და ა.შ. ეს გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, დგება კონსენსუსის საფუძველზე, რა თქმა უნდა, საქართველოს, ქვეყანას, რომლისაც არის ეს აეროპორტი, მეტი როლი აქვს გადაწყვეტილების მიღებაში. მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს დასკვნები, რაც თქვენთვის ამ ეტაპზე ცნობილია, მიღებულია ერთობლივად შესწავლის საფუძველზე, მათ შორის ტერიტორია ვაზიანი, რომელიც თბილისთან ახლოს არის, წარსულში იქ იყო აეროპორტი და ა.შ.", - ამბობს კიზირია.