ჩვენს ტურისტებს ნაკლებად აინტერესებთ საქართველოს კანონმდებლობა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა. მან უპასუხა BMG-ის კითხვას, თუ რა გავლენას მოახდენს „რუსული კანონი“ ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებაზე, ტურიზმსა და ეკონომიკის სხვა მიმართულებებზე.
„თუ არსებობს კითხვები [ინვესტორების მხრიდან], პასუხებს მიიღებენ. ტურიზმში დამიჯერეთ, არავინ კანონს არ უყურებს და მიღებული კანონის გამო, ვიზიტს არავინ გადადებს. ჩვენს ტურისტებს ნაკლებად აინტერესებთ საქართველოს კანონმდებლობა. არის პრობლემა, თუ იქნება ხანგრძლივი აქციები და არასტაბილური გარემო, ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს გავლენა ტურიზმზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, წელს ტურიზმის მაჩვენებლები შარშანდელზე უკეთესი იქნება“, - განაცხადა კაკაურიძემ. რაც შეეხება ჯავშნების გაუქმებას, ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, გაურკვევლობა იყო ქვეყანაში, ამიტომ ზოგმა გააუქმა ჯავშნები, ზოგი - ჩამოვა.
კითხვაზე, სხვა სექტორებშიც აინტერესებთ თუ არა კანონი, კაკაურიძემ უპასუხა, რომ ვის აინტერესებს და ვის არა კანონი, ზუსტად არ იცის, თუმცა საბოლოო ჯამში, ინვესტორისთვის მთავარია, დაგეგმილი მოგება მიიღოს.
„მით უმეტეს მსხვილი ინვესტორები დეტალურად კითხულობენ, თუ როგორია რისკები. თუ საქართველოს ეკონომიკაზე რისკების მატერიალიზაცია არ მოხდა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ რისკების მატერიალიზაცია ძალიან დაბალი შესაძლებლობაა რომ მოხდეს, ამ შემთხვევაში, საქართველოში ინვესტიციების მოცულობა იქნება სტაბილური“, - თქვა კაკაურიძემ.




























