მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

[პრობლემურ საკითხებზე] "მსჯელობა უნდა გაიმართოს და, რა თქმა უნდა, მიზანშეწონილია შეიცვალოს..." - კაკაურიძე "რუსულ კანონზე"

კაკაურიძე

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით, პრობლემურ საკითხებზე მსჯელობა უნდა გაიმართოს და მიზანშეწონილია შეიცვალოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„კანონი ძალაში შევა... ამ ფორმით ძალაში შესვლას ეწინააღმდეგება ძალიან ბევრი დასავლური ორგანიზაცია, ქვეყნები. ამიტომ საუბარი იყო პოლიტიკური ხელმძღვანელობის და პარტიის მხრიდან იმაზე, რომ პრობლემური საკითხები შეიცვალოს... ის, რაც არის გარკვეული შეუთანხმებელი საკითხები და რომელთა გასწორებაც შეიძლება.. გამჭვირვალობის პრობლემა მგონი არავის არ უნდა ჰქონდეს. გამჭვირვალობის დატოვების პირობებში სხვა პრობლემური საკითხები თუ არსებობს, ამაზე მსჯელობა უნდა გაიმართოს და, რა თქმა უნდა, მიზანშეწონილია შეიცვალოს... შესაძლებელია შეიცვალოს დასახელებები, ტერმინოლოგია და ბევრი ის საკითხი, რაც შეუთანხმებელია. მგონი გამჭვირვალობაზე პრობლემა არავის არ უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მისი თქმით, საქართველოს კურსი იყო, არის და უნდა იყოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია და მნიშვნელოვანია ამ კურსის შენარჩუნება. როგორც კაკაურიძემ აღნიშნა მას სჯერა, რომ მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს ამისთვის.

რაც შეეხება აშშ-ის მიერ სანქციებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, კაკაურიძის თქმით, „არარეალისტურია, ის ყველას შეეხოს“.

„არ მგონია, რომ ფინანსთა მინისტრი ან მისი მოადგილე დასანქცირდეს, თუ მას არ მიუძღვის კონკრეტული დანაშაული. არ მგონია, რომ მსგავსი ტიპის სანქციები იყოს ადეკვატური, რომ ფინანსთა მინისტრი ან მისი მოადგილე დასანქცირდეს“, - განაცხადა კაკაურიძემ და დასძინა, რომ აშშ არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, ამიტომ მასთან ურთიერთობები უნდა იყოს ისეთივე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, როგორიც არის.

„მე ვერ გეტყვით, ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მე შეიძლება გითხრათ, რა გავლენა ექნება ამა თუ იმ გადაწყვეტილებას. ვნახოთ, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული პარლამენტის მხრიდან...“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები