საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი, არ უჭერს მხარს დისკრიმინაციულ კანონს, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს დონორ ორგანიზაციებთან გაერთიანების თანამშრომლობის ფორმატს, ქვეყნის სამსახურში მყოფი ორგანიზაციების რეპუტაციასა და მისიას, - ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც "რუსულ კანონს" ეხება.
ტურიზმის ალიანსის თანადამფუძნებელი თამარ თანდაშვილი BMGTV-ის ეთერში ამბობს, რომ გუშინ გავრცელებული განცხადების შემდეგ მათ მიიღეს ოფიციალური წერილი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან, სადაც იყო კითხვები სექტორის განწყობებთან დაკავშირებით. თანდაშვილი აცხადებს, რომ ისინი მოკვლევას გააკეთებენ, თუმცა მისი თქმით, განთავსების ობიექტები უკვე აცხადებენ, რომ ჯავშნების მიღება შემცირებულია, უქმდება საერთაშორისო კონფერენციებიც.
თამარ თანდაშვილი ამბობს, რომ ეს ლოგიკური რეაქციაა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით. შესაბამისად, თანდაშვილი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, რომ მიიღოს შესაბამისი ზომები და შეწყდეს კანონის მავნე ზემოქმედება სამოქალაქო სექტორზე.
“გუშინდელი განცხადების შემდეგ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციიდან ოფიციალური წერილი მოგვწერეს, რომელშიც გვეკითხებიან რა განწყობა აქვს სექტორს. ჩვენ რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, მოვიკვლევთ მიმდინარე პროცესებში ჩართული ორგანიზაციებისგან. წევრები აფიქსირებენ, რომ არ არის მზარდი ის ჯავშნები, რომლებიც ივლისის, აგვისტოს თვეებზე არის ხოლმე ანალოგიურ პერიოდში.
განთავსების ობიექტებში ტენდენცია განსხვავებულია, ავიაბილეთების შეძენისას ორგანიზებული ტურიზმი სხვანაირად რეაგირებს. კვების ობიექტები აფიქსირებენ, რომ უქმდება საერთაშორისო ღონისძიებები, 5-10 თვის განმავლობაში დიდ მოთამაშეებში შეინიშნება ეს ტენდენცია. მსგავსი პოლიტიკური მოვლენები, ყველამ კარგად იცის, მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, ფართო მასშტაბიანი გამოსვლები ცენტრალურ გამზირზე, რომელიც შუქდება საერთაშორისო მედიის მხრიდან, ბუნებრივი ქვეყნები რომლებზეც ვაკეთებთ სწორებას თავს იკავებენ ასეთ ქვეყნებში მოგზაურობისგან.
ჩვენ ვთხოვთ, სახელმწიფო ორგანოებს მიიღონ ზომები, რომ შეწყდეს დაპირისპირება, ამ კანონის მავნე ზეგავლენა სამოქალაქო საზოგადოებაზე და გავაგრძელოთ სვლა კვლავ იმ პოზიტიური ნიშნებით, როგორც წელი დაიწყო”, - ამბობს ტურიზმის ალიანსის თანადამფუძნებელი თამარ თანდაშვილი.