მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ციფრული აბრეშუმის გზის” შეფერხებით საქართველო ძვირფას დროს კარგავს - ეკონომისტი

60d324cf29678
შოთა ტყეშელაშვილი
23.06.21 19:55
1026
ეკონომისტმა რამაზ გერლიანმა გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში საქართველოს კომუნიკაციების სფეროში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, კომუნიკაციების კომისიის მიერ კომპანია “კავკასუს ონლაინში” სპეციალური მმართველის დანიშვნა აფერხებს ისეთი მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტის განხორციელებას, როგორიცაა “ციფრული აბრეშუმის გზის” პროექტი.

“ვნახეთ, რომ უკვე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს ციფრული აბრეშუმის გზის პროექტი. ალბათ მოსახლეობას ჯერ კიდევ არ აქვს ბოლომდე აღქმული, თუ რამდენად დიდ პროექტზე არის საუბარი და ჩვენ როგორ შეიძლება ჩამოვრჩეთ ამ ძვირფასი დროის დაკარგვის გამო, მაშინ როდესაც კანონიდან პრაქტიკულად უმნიშვნელო გადაცდომის გამო შეიქმნა ეს პრობლემა. ეს კანონიც მერე “შეკერეს” ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და არა მაშინ, როდესაც ეს პროცესი რეალურად ხდებოდა. ეს მოხდა იმისთვის, რათა პირდაპირი დირექტივის სახით კომპანიაში სპეციალური მმართველი დაენიშნათ. არცერთი საერთაშორისო ინვესტორი ასეთ ქვეყანაში არ განახორციელებს ინვესტიციას, როდესაც მას არ აქვს გარანტია რა მოხდება ხელისუფლების ცვლილების, ან თუნდაც მინისტრთა ცვლილების შემდეგ, როდესაც გარემო იცვლება,” - აცხადებს რამაზ გერლიანი.

ეკონომისტის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის და ციფრული აბრეშუმის პროექტები აჩვენებენ თუ რამდენად არის დამოკიდებული კერძო საინვესტიციო პროექტები სამთავრობო ცვლილებებზე, ეს კი ინვესტორებისთვის განუჭვრეტელ ვითარებას ქმის.

“ინვესტიციებთან დაკავშირებით მთავარია სახელმწიფოს მიდგომა. სახელმწიფომ გამოაცხადა, რომ მან ცენტრალური როლი უნდა შეასრულოს ისეთ პროექტებში, როგორიცაა ანაკლია ან მათ შორის იგივე ციფრულ აბრეშუმის გზა. ჩვენ ვხედავთ, რომ როგორც კი კაბინეტი იცვლება იცვლება მიდგომაც. როგორც კი შეიცვალა მთავრობა, შეიცვალა ანაკლიის მიმართ მიდგომა და პროექტი გაიჭედა და ჩავარდა. შეიცვალა კაბინეტი? ვნახეთ, რომ უკვე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს ციფრული აბრეშუმის გზის პროექტი", - აცხადებს რამაზ გერლიანი.

შეგახსენებთ, 2020 წლის ოქტომბრიდან კომპანია “კავკასუს ონლაინში” კომუნიკაციების კომისიის მიერ სპეციალური მმართველი არის დანიშნული. ქართული სახელმწიფოს მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღებამდე კომპანიის ახალი ინვესტორი და მესაკუთრე Neqsol Holding-ი “კავკასუს ონლაინის” საკუთრებაში არსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების გამოყენებით ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის ახალი ციფრული დერეფანის პროექტის განხორციელებას გეგმავდა.

კომუნიკაციების კომისია დავობს, რომ “კავკასუს ონლაინის” მფლობელმა კომპანიამ მათთან წილის ნასყიდობა წინასწარ არ შეათანხმა, რითიც რეგულირების წესი დაარღვია. ამის გამო, კომისიამ კომპანია რამდენჯერმე დააჯარიმა, 2020 წლის ოქტომბერში კი მასში სპეციალური მმართველიც დანიშნა. კომისიის განცხადებით, სპეციალური მმართველის მოვალეობას წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება წარმოადგენს, თუმცა იურისტების შეფასებით ეს შეუძლებელია, რადგან “კავკასუს ონლაინს” არ შეუძლია შეცვალოს მის მფლობელ კომპანიებს შორის დადებული გარიგება. თავად Neqsol Holding-ი კი აღნიშნავს, რომ მათ “კავკასუს ონლაინის” შესყიდვამდე კომისიის თანხმობა არ სჭირდებოდათ, რადგან გარიგება საქართველოს იურისდიქციაში არ დადებულა. ამასთანავე, კომპანიაში აღნიშნავენ, რომ პროექტის შესახებ საქართველოს მაშინდელი მთავრობა ინფორმირებული იყო.

მხარეებს შორის დავა ამჟამად მსოფლიო ბანკთან არსებულ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები