მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ციფრული აბრეშუმის გზის შეყოვნებით საქართველო დიდ შესაძლებლობას კარგავს - ეკონომისტი

60b9206cc7d74
შოთა ტყეშელაშვილი
04.06.21 00:50
1116
ეკონომისტ ირაკლი მაკალათიას შეფასებით, საქართველო ციფრული აბრეშუმის გზის პროექტის შეყოვნებით დიდ შესაძლებლობას კარგავს. ირაკლი მაკალათიას განმარტებით, კომპანია “კავკასუს ონლაინში” სპეციალური მმართველის დანიშვნა და მისი ახალი მესაკუთრისთვის ციფრული აბრეშუმის ჰაბის პროექტის განვითარების ხელშეშლა ქვეყნის ეკონომიკის ციფრული გარდაქმნის პროცესს ხელს უშლის.

“მე ვფიქრობ, რომ ამ პროექტის შეყოვნებით დიდ შესაძლებლობას ვკარგავთ. სავარაუდოდ, დროში გაიწელება, მაგრამ ალბათ საბოლოოდ იმ ჩარჩოში ჩაჯდება, რა ჩარჩოშიც უნდა ჩაჯდეს. არის ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროპაში მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა, როდესაც მარეგულირებელს ასეთი ფართო ფუნქციები ჰქონდა. მეორე არის მსოფლიო ბანკთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალი, რომელმაც უარყოფითი დასკვნა დადო. შესაბამისად, ევროპაც უკვე შეშფოთებულია ჩვენი მოქმედებებით. აქედან გამომდინარე ეს პროცესი მივა იმ ლოგიკურ დასასრულამდე, რომ ციფრული ჰაბის მონაწილეები გავხდებით და ეს პროცესი დაიწყება. შედეგად, ჩვენ გავხდებით აზიის ქვეყნებსა და ევროპას შორის დამაკავშირებელი ცენტრი. ამავე დროს იქ დაანონსებულია ახალი დატა ცენტრების მშენებლობა და ახალი სტრატაპების შექმნის შესაძლებლბა გვიჩნდება. ჩვენ ეს საკითხები მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რადგან მომსახურების სფერო არ არის განვითარებული და ეს პროექტი შეუწყობს მას ხელს,”- გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში განაცხადა ირაკლი მაკალათიამ.

შეგახსენებთ, 2020 წლის ოქტომბრიდან კომპანია “კავკასუს ონლაინში” კომუნიკაციების კომისიის მიერ სპეციალური მმართველი არის დანიშნული. ქართული სახელმწიფოს მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღებამდე კომპანიის ახალი ინვესტორი და მესაკუთრე Neqsol Holding-ი “კავკასუს ონლაინის” საკუთრებაში არსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების გამოყენებით ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის ახალი ციფრული დერეფანის პროექტის განხორციელებას გეგმავდა.

კომუნიკაციების კომისია დავობს, რომ “კავკასუს ონლაინის” მფლობელმა კომპანიამ მათთან წილის ნასყიდობა წინასწარ არ შეათანხმა, რითიც რეგულირების წესი დაარღვია. ამის გამო, კომისიამ კომპანია რამდენჯერმე დააჯარიმა, 2020 წლის ოქტომბერში კი მასში სპეციალური მმართველიც დანიშნა. კომისიის განცხადებით, სპეციალური მმართველის მოვალეობას წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება წარმოადგენს, თუმცა იურისტების შეფასებით ეს შეუძლებელია, რადგან “კავკასუს ონლაინს” არ შეუძლია შეცვალოს მის მფლობელ კომპანიებს შორის დადებული გარიგება. თავად Neqsol Holding-ი კი აღნიშნავს, რომ მათ “კავკასუს ონლაინის” შესყიდვამდე კომისიის თანხმობა არ სჭირდებოდათ, რადგან გარიგება საქართველოს იურისდიქციაში არ დადებულა. ამასთანავე, კომპანიაში აღნიშნავენ, რომ პროექტის შესახებ საქართველოს მაშინდელი მთავრობა ინფორმირებული იყო.

მხარეებს შორის დავა ამჟამად მსოფლიო ბანკთან არსებულ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები