ამერიკული The Coca-Cola Company-ს მოგება და შემოსავლები მიმდინარე წლის მეორე კვარტალში გაიზარდა. როგორც ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, გლობალურმა კონგლომერატმა 12 მილიარდ 360 მილიონი დოლარის მოცულობის შემოსავლის მიღება შეძლო, რაც თითქმის $600 მილიონით აღემატება პროგნოზირებულ მაჩვენებელს.
აგრეთვე, გაზრდილია კომპანიის წმინდა მოგება და მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ის 2 მილიარდ 410 მილიონ დოლარს შეადგენს.
კომპანიის ხელმძღვანელობის პროგნოზით, წელს Coca-Cola-ს შემოსავლები საშუალოდ 10%-ით გაიზრდება, რაც 132-წლიანი ისტორიის მქონე კომპანიისთვის შესანიშნავი შედეგი იქნება.
უნდა აღინიშნოს, რომ საფონდო ბირჟაზე Coca-Cola-ს ე.წ. „დივიდენდ არისტოკრატად“ მოიხსენიებენ, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ კომპანია ინვესტორებზე დივიდენდებს უკვე ათწლეულებია სტაბილურად გასცემს.
ამჟამად Coca-Cola-ს საბაზრო კაპიტალიზაცია 281 მილიარდ დოლარს აღწევს და გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელი კომპანიების გლობალურ რეიტინგში ის უპირობო ლიდერია.