მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Coca-Cola vs Pepsi - რომელ კომპანიაში ინვესტირებაა უმჯობესი?

62f0b25cb3d47
გიორგი ბერუაშვილი
08.08.22 13:58
2969
"კოკა-კოლასა" და "პეპსის" დაპირისპირება უამრავი ბიზნეს კვლევის საფუძველი და მაგალითი გამხდარა. მარკეტინგული ომის გარდა, რომელიც ბაზარზე პოზიციების გამყარებისკენ არის მიმართული, კომპანიები ერთმანეთს ბევრ სხვა ასპექტში „ეჯიბრებიან“. თუმცა ფაქტია, რომ ორივე მათგანი უძლიერეს ბრენდებად ჩამოყალიბდა. ათწლეულების განმავლობაში ამ ბაზარზე შესვლა ბევრმა კომპანიამ სცადა, თუმცა პეპსისა და კოკა-კოლას მეორე პლანზე გადაწევა ხანგრძლივი ვადით ვერავინ მოახერხა.

ერთი შეხედვით, "კოკა-კოლასა" და "პეპსიკოს" ერთნაირი ბიზნეს მოდელები აქვთ, თუმცა მათ შორის არის საკმაოდ მნიშვნელოვანი განსხვავებები. მათგან ყველაზე საყურადღებო ის ფაქტია, რომ "პეპსიკო" გამაგრილებელი სასმელების გარდა სხვა პროდუქტებსაც აწარმოებს, მათ შორის სნეკებს. პეპსის გამორჩეული ბრენდებია: Pepsi, 7Up, Lays, Doritos, Miranda და სხვა. "კოკა კოლას" პორტფელში კი Coca-Cola, Sprite, Fanta, Fusetea და სხვა სასმელები შედის.

მომხმარებლის უმრავლესობას ემოციური კავშირი აქვს ამ ბრენდებთან - ისინი არჩევანს საკუთარი გემოვნებისა და წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე აკეთებენ. მაგრამ ინვესტორებისთვის ემოციური კავშირი ბრენდებთან მეორეხარისხოვანია და მათთვის მნიშვნელოვანი ფინანსური მდგომარეობა და კომპანიების ხელმძღვანელობის წინაშე არსებული გამოწვევებია. და მაინც, რომელ მათგანში უფრო ეფექტიანი იქნებოდა ინვესტირება?

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ორივე კომპანია იხდის დივიდენდებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. "კოკა-კოლას" დივიდენდი 2.76%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც "პეპსიკო" ინვესტორებს 2.62%-ს უხდის. "კოკა-კოლას" აქციები დაახლოებით 64 დოლარად ივაჭრება, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 276 მილიარდია. რაც შეეხება "პეპსიკოს", მისი ერთი აქციის ღირებულება 176 დოლარს აღწევს, საბაზრო კაპიტალიზაციით კი კომპანია 243 მილიარდად არის შეფასებული. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კოკა-კოლა ოდნავ უფრო ძვირადღირებული კომპანიაა მის კონკურენტთან შედარებით.

დღეის მონაცემებით, ორივე კომპანიას გამოქვეყნებული აქვს 2022 წლის მეორე კვარტლის შედეგები. "კოკა-კოლას" შემოსავლებმა ამ პერიოდში $11.36 მილიარდი შეადგინა, ხოლო "პეპსიკომ" კონკურენტზე გაცილებით მეტი - $20.23 მილიარდი გამოიმუშავა. ეს გარკვეულწილად გასაგებიცაა, ვინაიდან "პეპსიკოს" სასაქონლო ასორტიმენტი უფრო მრავალფეროვანია.

მიუხედავად იმისა, რომ "პეპსიკოს" შემოსავლები "კოკა-კოლას" შემოსავლებს თითქმის 80%-ით აღემატებოდა, წმინდა მოგების თვალსაზრისით "კოკა-კოლა" ლიდერობდა. მაშინ როდესაც პეპსის წმინდა მოგებამ $1.43 მილიარდი შეადგინა, მისმა უშუალო კონკურენტმა მასზე 34%-ით მეტი - $1.91 მილიარდის მოგება ნახა. 2022 წლის მეორე კვარტალში წმინდა მოგების შეფარდება შემოსავლებთან "კოკა კოლას" შემთხვევაში დაახლოებით 16.8%-ია, მაშინ როდესაც მისი კონკურენტის შემთხვევაში 7.06%-ს შეადგენს. თუ ამ მონაცემებს დავეყრდნობით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ "კოკა-კოლას" ხელმძღვანელობა საკუთარ ფინანსებს ბევრად უფრო ეფექტიანად განკარგავს, ხარჯები მაქსიმალურად აქვს შემცირებული და ამის ხარჯზე ახერხებს, რომ კონკურენტთან შედარებით ნაკლები შემოსავლის პირობებში უფრო დიდი წმინდა მოგება დააფიქსიროს.

კომპანიის ლიკვიდურობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მისი ანალიზის პროცესში. ნაღდი ფულადი სახსრები და მისი ექვივალენტები "კოკა-კოლას" $11.62 მილიარდის ოდენობის გააჩნია, მაშინ როდესაც მისი უშუალო კონკურენტი დაახლოებით $5.7 მილიარდის ნაღდ ფულს ფლობს.

გასათვალისწინებელია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორიც, რომელიც P/E შეფარდების სახელითაა ცნობილი. ეს არის კომპანიის ერთი აქციის ფასის შეფარდება ერთ აქციაზე გამომუშავებულ შემოსავალთან. ბუნებრივია, რაც უფრო დაბალია ეს შეფარდება, მით უკეთესია, თუმცა სხვადასხვა ინდუსტრიებში მოღვაწე კომპანიების შედარება ამ ინდიკატორის მიხედვით არ არის რელევანტური. ვინაიდან ჩვენს მიერ განხილული ორივე ბრენდი ერთ სექტორს განეკუთვნება, შეგვიძლია თავისუფლად შევადაროთ ამ ინდიკატორის მიხედვითაც. პეპსიკოს P/E შეფარდება 24.46-ია, მაშინ როდესაც მისი კონკურენტის იგივე მაჩვენებელი 29.26-ის ტოლია. ამგვარად კოკა-კოლაცა და პეპსიკოც ძლიერი ბრენდებია, თუმცა ამ ზოგადი ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია გარკვეული უპირატესობების აღმოჩენა.


საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Meta, Berskhire Hathaway, Coca-Cola და PepsiCo.  დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები