მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ComCom-ის წევრობის ვაკანტურ პოზიციაზე ოთხი კანდიდატი დარეგისტრირდა - სია

კომკომი

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის ერთ ვაკანტურ პოზიციაზე ოთხი კანდიდატი იბრძვის. განაცხადები ანი ვაზაგაშვილმა, გიორგი ელისაშვილმა, იოსებ აბულაძემ და სოლომონ ექვთიმიშვილმა წარადგინეს.

წარდგენილ განაცხადებს თან ერთვის საქმიანი ბიოგრაფია, რომლის მიხედვითაც, ანი ვაზაგაშვილი ტელეკომპანია „იმედის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსია და ამავდროულად „მაესტროს“ იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელად მუშაობს.

გიორგი ელისაშვილი 2013 წლიდან ტელეკომპანია GDS-ის ფინანსური დირექტორია. მანამდე ის „ბანკი ქართუში“ მუშაობდა.

სოლომონ ექვთიმიშვილი 2025 წლიდან „მედია ჰოლდინგის“ ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელია. აღნიშნული კომპანიის 90%-ს შპს „პრაიმ თაიმი“ ფლობს, ხოლო 10%-ს – „რუსთავი 2“. ექვთიმიშვილი პარალელურად „იმპელ დეველოპმენტში" და რამდენიმე სხვა კომპანიაშიც საქმიანობს.

იოსებ აბულაძე „ღია გული – საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის“ შიდა აუდიტის სამსახურის უფროსია. მას ასევე აქვს გამოცდილება თავად კომუნიკაციების კომისიაში – 2000-2016 წლებში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.

ComCom-ის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსი 11 თებერვალს გამოცხადდა, განაცხადების მიღების ვადა კი 12 მარტს ამოიწურა. ამ პერიოდში დოკუმენტაცია სწორედ აღნიშნულმა ოთხმა კანდიდატმა წარადგინა.

ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, რაც კომისიის წევრს ვახტანგ აბაშიძეს უფლებამოსილების ვადა ეწურება. აბაშიძე 2014-2017 წლებში კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე იყო, ხოლო 2017 წლიდან წევრის პოზიციას იკავებს. ის კომისიას ასევე ხელმძღვანელობდა 2000-2004 წლებშიც.

კომუნიკაციების კომისიას 29 იანვრიდან ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ამ თანამდებობაზე გოგა გულორდავა კომისიის წევრებმა ერთხმად აირჩიეს. კომისიაში დანიშვნამდე, 2023 წლიდან, ის ტელეკომპანია „იმედში“ ფინანსური მონიტორინგისა და აუდიტორულ-საკონსულტაციო საქმიანობას ეწეოდა. სხვადასხვა დროს გულორდავა იყო „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შიდა აუდიტის დირექტორი, 2016-2020 წლებში – „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი, ხოლო 2013-2016 წლებში – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

პროცედურის მიხედვით, კანდიდატთა სიისა და საკონკურსო დოკუმენტების გამოქვეყნების შემდეგ, საკონკურსო კომისია მინიმუმ სამ კანდიდატს მთავრობას წარუდგენს. მთავრობა კანდიდატურებს პრეზიდენტს გადასცემს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი პარლამენტი იღებს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია ხუთი წევრისგან შედგება. მათი უფლებამოსილების ვადა ექვს წელს შეადგენს და ერთი და იგივე პირი ამ თანამდებობაზე ორზე მეტი ვადით ვერ აირჩევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები