კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომი“ ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად ცნო და სპეციფიკური ვალდებულებები დააკისრა.
გადაწყვეტილება ComCom-ის დაკვეთით ჩატარებულ ფიქსირებული ინტერნეტბარის კომპლექსურ კვლევას დაეყრდნო, რომლის ფარგლებშიც, კვლევაში ჩართულმა ევროკავშირის ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ „მაგთიკომი“ როგორც აბონენტების, ისე შემოსავლებისა თუ ინფრასტრუქტურის კუთხით, კონკურენტებთან შედარებით კრიტიკულად დიდ უპირატესობას ფლობს, რაც ბაზარზე შესვლის ბარიერებს და შემზღუდველ გარემოს განაპირობებს.
კომუნიკაციების კომისიის გავრცელებული ინფორმაციით, ექსპერტების შეფასებით, ქართული ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარი არაკონკურენტულია და წინასწარი რეგულირების გარეშე ეს გარემოება სულ მცირე მომდევნო 3 წელი არ შეიცვლება, რითიც მომხმარებლები მნიშვნელოვნად დაზარალდებიან. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, „მაგთიკომი“, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის ოპერატორი ვალდებულია საკუთარი ქსელი სხვა ოპერატორებს შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ მიაქირავოს და მისცეს შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი საინვესტიციო დანახარჯების გარეშე შემოვიდნენ ბაზარზე, ან თავიანთი მოქმედების არეალი გააფართოვონ და დიდ ოპერატორებს მეტად ეფექტიანი კონკურენცია გაუწიონ. კომპანიას ასევე სატარიფო რეგულირების, განცალკევებული აღრიცხვის, გამჭვირვალობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულებები დაეკისრა.
შეგახსენებთ, რომ ComCom-მა 2022 წელს ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების („AA Facility“) ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად, დაიწყო მუშაობა საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის პროექტზე. აღნიშნულ კვლევას კი რევიზია ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) ექსპერტებმა გაუწიეს. კვლევის ყველა ეტაპზე კი, ორი წლის განმავლობაში, კომისიის მხრიდან საქართველოში არსებული ტელეკომ ოპერატორების ჩართულობა უზრუნველყოფილი იყო.
„კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება არის ქართულ ტელეკომ ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებისკენ გადადგმულ ნაბიჯი. კომპლექსური კვლევის მიხედვით, რომელიც ეფუძნება როგორც ევროკავშირის, ისე ComCom-ის ბაზრის ანალიზის მეთოდოლოგიას, ქართული ბაზრიდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით ჩვენ დავასკვენით, რომ ფიქსირებული ინტერნეტის საცალო ბაზარზე არსებული კონკურენციის დონე არ არის დამაკმაყოფილებელი, რის შედეგადაც ზარალდება ქართველი მომხმარებელი. მაგალითად, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი სარგებლობს დაბალსიჩქარიანი და უხარისხო ინტერნეტით. ჩვენ დავადგინეთ, რომ „მაგთიკომი“ ბაზარზე დომინანტი ოპერატორია. ევროკავშირის წესებისა და კომუნიკაციების კომისიის მეთოდოლოგიის მიხედვით კი ამგვარი ოპერატორი უნდა დაექვემდებაროს რეგულირებას. სხვა ქვეყნებიდან მიღებული გამოცდილება გვაჩვენებს, რომ რეგულაციების დაწესება ბაზარზე კონკურენციის ზრდას იწვევს. დომინანტ ოპერატორზე დაწესებული ვალდებულებები დაგვეხმარება იმ პრობლემების გადაჭრაში, რომლებიც გამოვლინდა ბაზრის კვლევის ფარგლებში. ComCom-ის მხრიდან რეგულაციების დაწესება კონკურენციის გასაუმჯობესებლად და ქართველი მომხმარებლის ზარალის თავიდან ასაცილებლად აუცილებელი იყო, შედეგად ჩვენ მივიღებთ მეტ კონკურენციას და მეტ არჩევანს ქართველი მომხმარებლისთვის“, - განაცხადა ევროკავშირის ექსპერტი, კომპლექსური კვლევის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი დომაგო იურიევიჩი.