მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ComCom-მა პროდუქტის განთავსების წესების შესახებ BMG-ში სამუშაო შეხვედრა გამართა

BMG
06.08.24 15:34
821

ქართულ სატელევიზიო სივრცეში პროდუქტის განთავსების დარღვევების აღმოფხვრისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით, ComCom-ის წევრი, ივანე მახარაძე და მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსი, კოტე ქორიძე, ტელეკომპანია „ბმჯ“-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრა პროდუქტის განთავსების დარღვევების შესახებ საკანონმდებლო ბაზისა და ComCom-ის მიერ შემუშავებული პროდუქტის განთავსების შესახებ არსებული გაიდლაინების დეტალურ განხილვას ემსახურებოდა.

შეხვედრის ფარგლებში, კომისიის წარმომადგენლებმა „ბმჯ“-ის თანამშრომლებთან ეთერში გასული პროდუქტის განთავსების დარღვევის მაგალითები განიხილეს და იმსჯელეს, თუ როგორ უნდა განთავსებულიყო პროდუქტი დარღვევების გარეშე. ამასთან ერთად, ისაუბრეს, თუ რა ზიანი მოაქვს მაყურებლისთვის ეთერში პროდუქტისთვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭებასა და ფარულ რეკლამას.

ComCom-ის წარმომადგენლებმა „ბმჯ“-ის კითხვებს ამომწურავად უპასუხეს და ტელეკომპანიის თანამშრომლებს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ გარდამავალი პერიოდი მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი სამუშაოს, მიდგომებისა და დამკვეთებთან დადებული ხელშეკრულებების კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად, რადგან მოცემული პერიოდის დასრულების შემდგომ, კომუნიკაციების კომისია კანონის სრული სიმკაცრით აღსრულებას დაიწყებს და დარღვევის შემთხვევაში, სანქციებს გამოიყენებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს კომუნიკაციების კომისიამ კონფერენცია „სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის გამოწვევები - Product Placement” ჩაატარა, რომლის ფარგლებში, კომისიამ მედიის წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ მხარეებს, პროდუქტის განთავსების შესახებ ევროკავშირის მედია ექსპერტთან, ჟან ფრანსუა ფურნემონთან ერთად ჩატარებული კვლევა და კვლევის შედეგები გააცნო. კვლევით დადგინდა, რომ ქართული კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში იყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, პროდუქტის განთავსების წესები ტელევიზიების მიერ ყოველდღიურად უხეშად ირღვეოდა. კვლევამ აჩვენა ისიც, რომ ყველა ევროპულ ქვეყანაში პროდუქტის განთავსების დარღვევაზე კანონი და მარეგულირებელი კომისიების მიდგომა ძალიან მკაცრი იყო. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს დიდი ბრიტანეთის კომუნიკაციების კომისიის (Ofcom) მაუწყებლობისა და ონლაინ კონტენტის ჯგუფის ხელმძღვანელმა, სუზან ვრაითმა და ლიეტუვის რადიოსა და ტელევიზიის კომისიის (RTCL) სამართლებრივი სამსახურის უფროსმა, ვადიმ გასპერსკმა, რომლებმაც თავიანთ ქვეყნებში არსებული მიდგომები და პრაქტიკები მიმოიხილეს. ამასთან, ღონისძიებაზე გახდა ცნობილი კომისიის გადაწყვეტილებაც, რომლის მიხედვით, ტელევიზიებს მიმდინარე წლის ბოლომდე მიეცათ გარდამავალი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც, კომისია არ გამოიყენებს სანქციებს, თუმცა განახორციელებს მედიამონიტორინგს და ყველა დაინტერესებულ ტელევიზიასთან, სამუშაო რეჟიმში, პროდუქტის განთავსების დარღვევებსა და მათი აღმოფხვრის გზებს განიხილავს. გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდგომ კი, ისევე, როგორც ეს ევროპულ ქვეყნებში ხდება, კომისია დარღვევების საპასუხოდ კანონის შესაბამის სანქციებს გამოიყენებს.

კომუნიკაციების კომისიამ სამუშაო შეხვედრები „რუსთავი 2“-სა და „იმედში“ უკვე ჩაატარა და კანონის ეფექტიანად აღსრულების მიზნით, მზად არის კონსულტაციები ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ ტელევიზიაში გამართოს, რათა მომავალი წლიდან კანონი ყველა მაუწყებელმა ეფექტიანად აღასრულოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები