დღეს, გამართულ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, საქართველოს მთავრობამ 2024-2027 წლებისთვის საქართველოს მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგია დაამტკიცა. სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება დეზინფორმაციისა და ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ ბრძოლა, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერება და ამავე კუთხით სახელმწიფო უწყებების სტრატეგიული კომუნიკაციების დანაყოფების შესაძლებლობების განვითარებაა.
იქნება თუ არა სტრატეგიის ნაწილი, საჯარო მოხელეებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების მისვლა იმ ეთერებში, სადაც გარანტირებული კეთილგანწყობის მოლოდინი არ აქვთ - ეს კითხვა BM.GE-ის მთავარმა რედაქტორმა თელარა გელანტიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს რევაზ ჯაველიძეს დაუსვა.
- აქ წერია, რომ ჩატარდა კვლევა და გამოიკვეთა გამოწვევები. მაინტერესებს - რა გამოწვევებია სახელმწიფოს მხარეს, თქვენ რა დაინახეთ? ისევ BMG-ის მაგალითი რომ მოვიყვანო, ადრე ძალიან ჩვეულებრივად მოდიოდნენ და ინტერვიუებზე მოსვლის უფლება ჰქონდათ მიხეილ ხიდურელს, ლევან მეხუზლას, მარიამ ქვრივიშვილს და სხვებს. ბევრი სამთავრობო პროგრამაა, რაც თქვენს ინტერესშიც უნდა შედიოდეს რომ საზოგადოებამდე მივიდეს. არ მგონია, რომ ეს ხალხი არ დადის, ისინი უბრალოდ ვერ დადიან. იქნება თუ არა ასახული ეს გამოწვევები დოკუმენტში, რომელიც საჯარო შეიძლება არც კი გახდეს?
რევაზ ჯაველიძე: ამ ხალხისათვის, [ეთერებში] სიარული არც მთავრობის ადმინისტრაციას და არც არავის აუკრძალავს. ეს მათი პირადი გადაწყვეტილებაა და მათ მაგივრად ვერ ვისაუბრებ.
ჩვენი მხრიდან ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა რაც არის, ვფიქრობთ, რომ უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია, რეფორმების შესახებ საზოგადოებისთვის უფრო მეტი და დეტალური ინფორმაციის მიწოდება შეგვიძლია. ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით არაერთი განსაკუთრებული რამ მოხდა, იქნება ჯანდაცვა, განათლება თუ ინფრასტრუქტურული პროექტები. ამის შესახებ ვხედავთ, რომ აუცილებელია უფრო მეტი დეტალური ინფორმაციის მიწოდება, რასაც მომავალ წლებში უფრო დიდი ყურადღება დაეთმობა და რეფორმებთან დაკავშირებით მეტი სიუჟეტები გაკეთდება.
მეორე დიდი გამოწვევაა, ტელევიზიით გავრცელებული არასწორი ინფორმაცია. ვცდილობთ, ჩვენს კოლეგა უწყებებთან და მათ წიაღში არსებულ სხვადასხვა დეპარტამენტებთან ერთად ვიპოვოთ ის, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ რომ ვებრძოლოთ ამას. უპირველეს ყოვლისა, მართალი და სწორი ინფორმაციის მიწოდებით.
- თუ ხართ ინფორმირებული, როცა მაგალითად ეკონომიკის სამინისტრო მართავს ღონისძიებას, აჯამებს საინვესტიციო წელს "აწარმოე საქართველოს" ანგარიშით იქ კი მხოლოდ ორი მედიაა და BMG-ის ეს ამბავი უბრალოდ დაუმალეს.
რევაზ ჯაველიძე: სხვა უწყების მაგივრად ვერ ვისაუბრებ. როგორ გადაწყვეტილებას იღებს რომელიმე უწყება მე როგორ გიპასუხებთ? ჩემი გადმოსახედიდან, ყველას უნდა ჰქონდეს უფლება მიიღოს ინფორმაცია.