მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ითვალისწინებს სახელმწიფო მიწების მითვისებაზე ამნისტიის გამოცხადება? - განმარტება

მთავრობა

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, რევაზ ჯაველიძის განცხადებით, სახელმწიფო მიწების მითვისებაზე ამნისტია ცხადდება 2 მუხლით ჩადენილ დანაშაულებზე - ეს არის 180-ე მუხლი, რომელიც თაღლითობას ეხება და 362-ე მუხლი, რომელიც ეხება ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება და გამოყენებაა.

მისი თქმით, ამნისტიის ფარგლებში ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, პირობითი მსჯავრისაგან, სასჯელისგან, მათ შორის, აღუსრულებელი ჯარიმების გადახდისგან თავისუფლდება ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელმაც 2023 წლის 1-ელ სექტემბრამდე დანაშაულებრივი გზით მოიპოვა საკუთრების უფლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.

„ამასთან, ამნისტია გავრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომელიც 2024 წლის 1-ელ სექტემბრამდე სრულად აანაზღაურებს დანაშაულის ჩადენის შედეგად სახელმწიფოსთვის ჩადენილ ზიანს. ამნისტია ვრცელდება ასევე თანააღმსრულებლებზეც, თანამონაწილეებზეც, რომლებმაც ასევე იგივე პერიოდის განმავლობაში, ანუ 2023 წლის 1-ელ სექტემბრამდე მონაწილეობა მიიღეს დანაშაულის მომზადებაში, ან მცდელობა ჰქონდათ, თუ, რა თქმა უნდა, ეს პირები აღიარებენ შესაბამის დანაშაულს. როგორც ასევე აღინიშნა, ამნისტია არ ვრცელდება საჯარო მოხელეებზე, ასევე სახელმწიფო საწარმოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო კომერციული იურიდიული პირების თანამშრომლებზე და მათ მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილ დანაშაულებზე, აგრეთვე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულების შემთხვევებზე.

სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს მოპოვებული მიწის ნაკვეთებზე ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისაგან თავისუფალ მდგომარეობაში საკუთრების უფლების სახელმწიფოსათვის სასარგებლოდ მიტოვების გზით და თუ ეს შესაძლებელი არ არის, უნდა მოხდეს ეკვივალენტური თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა.

ტექნიკურად ეს ასე გამოიყურება, პირმა აუცილებლად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, შემდგომ უკვე მიტოვების მოთხოვნით, შემდეგ უკვე მიტოვების თაობაზე საჯარო რეესტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ან და სახელმწიფოს ხაზინის ანგარიშზე თანხის შეტანის დამადასტურებელ დოკუმენტს პირი წარუდგენს უკვე პროკურატურის შესაბამის დანაყოფს, ან სასამართლოს და მოითხოვოს მის მიმართ ამნისტიის გავრცელება.

ამნისტიის კანონის პროექტით კიდევ ბევრი დეტალური ინფორმაცია არის გათვალისწინებული, მათ შორის, მაგალითისათვის, გამოძიების, თუ სასამართლო განხილვის სტადიაზე სისხლის სამართლებრივი დევნის არ დაწყების, შეწყვეტის და საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების საკითხები. ასევე გათვალისწინებული არის გამოძიების, სასამართლო განხილვის, თუ სისხლის სამართლის საქმეზე დასრულებული სამართალწარმოების სტადიაზე ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილების მიმღები პირები და ორგანოები, ასევე სხვა საკითხები.

პირი, ვისზეც გავრცელდება ამნისტია, ის ნასამართლობის არ მქონედ ჩაითვლება და ასევე, კანონით გათვალისწინებულია, რომ ამნისტია უნდა აღსრულდეს საბოლოო ჯამში 2025 წლის 1-ელ იანვრამდე“, -  განაცხადა რევაზ ჯაველიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები