მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ComCom-მა "რადიო მარნეული" NED-დან მიღებული 32 541 ლარის გრანტის გამო გააფრთხილა

რადიო მარნეული

კომუნიკაციების კომისიამ "რადიო მარნეული", იგივე „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“ NED-დან 32 541.60 ლარის ოდენობის გრანტის მიღების გამო გააფრთხილა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თავად Comcom-მა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ "„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის, კერძოდ, უცხოური ძალისგან დაფინანსების მიღების გამო რადიომაწყებელი „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“ წერილობით გააფრთხილა".

კომუნიკაციების კომისია აცხადებს, რომ მათ მიერ "ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ 2025 წლის III კვარტალში რადიომაუწყებელმა „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული იურიდიული პირისგან - „დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ (NED) შემოსავლის სახით 32 541.60 ლარი მიიღო. აღნიშნული თანხა მიღებული იყო საგრანტო პროექტის ფარგლებში და არ წარმოადგენდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრულ გამონაკლისს, როგორიცაა კომერციული რეკლამა, ტელეშოპინგი, სპონსორობა ან პროგრამაში პროდუქტის განთავსება".

საქმე ისაა, რომ პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში აღნიშნული ცვლილებები გასულ წელს შეიტანა. შედეგად, 2025 წლის 1 აპრილიდან მაუწყებლებს უცხოური გრანტების მიღება აეკრძალათ.

Comcom-ი აღნიშნავს, რომ კანონის თანახმად, აკრძალულია მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება.

"უცხოურ ძალად მიიჩნევა, მათ შორის, იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული. ვინაიდან „დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ (NED) დაფუძნებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, იგი წარმოადგენს უცხოურ ძალას, ხოლო მისგან მიღებული თანხა - უცხოური ძალისგან პირდაპირ დაფინანსებას", - აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.

ცნობისთვის, მარნეულის სათემო რადიო შეიქმნა 2006 წელს BBC World Service Trust-ის და ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია „სტუდია რე-ს“ პროექტის ფარგლებში, რომლის ძირითადი დონორი ევროკავშირი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები