USAID-ის, განათლების სამინისტროსა და Bk ქონსტრაქშენის თანამშრომლობით ახალციხეში Construct2-ის ფილიალის გახსნა იგეგმება. როგორც Construct2-ის დირექტორმა თამარ ზაქარაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, პირველ სტუდენტებს კოლეჯი შემოდგომიდან მიიღებს. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 3 მლნ ლარია.
„ახალციხის რაიონში, კერძოდ, ვალეში ვგეგმავთ Construct2-ის ფილიალის გახსნას. ეს იქნება ასევე სამშენებლო პროფილის კოლეჯი, სადაც მსურველები მომზადდებიან როგორც მოკლევადიანი პროგრამის ფარგლებში, ასევე იფუნქციონირებს საგანმანათლებლო პროგრამაც.
ეს არის „Bk ქონსტრაქშენის,“ USAID-ის და განათლების სამინისტროს ერთობლივი პროექტი 3 მლნ-მდე ჯდება და შემოდგომაზე უკვე ვფიქრობთ, რომ გაიხსნება.
აქ გათვალისწინებული იქნება ადგილობრივების ინტერესები, განისაზღვრება რა არის კონკრეტულად იმ რეგიონში მოთხოვნადი და ამის მიხედვით დაიწყება გადამზადება. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში უკვე არის კოლეჯი, ჩვენი იქნება პროფილური, კონკრეტული მიმართულებით და ინტერესთა კვეთა სხვა კოლეჯთან არ მოხდება. ეს არ იქნება მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობის და მსურველები ნებისმიერ რეგიონიდან შეძლებენ ჩამოსვლის, ამისთვის იქნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ისე როგორც ეს ზესტაფონშია.“ - განაცხადა ზაქარაშვილმა.
რაც შეეხება ზესტაფონის ფილიალს, 2023 წელს კოლეჯში სტუდენტების რიცხვი 8%-ით გაიზარდა, თუმცა კოლეჯი ამ მაჩვენებლებითაც 50%-იანი დატვირთვით მუშაობს.
„2023 წელს 2022 წელთან შედარებით სტუდენტების რიცხვი 8%-ით გაიზარდა, მოკლევადიან პროგრამებზე გვყავდა 104 სტუდენტი, საგანმანათლებლო პროგრამებზე 96. ყველაზე პატარა 18 წლის გვყავს და ყველაზე დიდი ასაკის 58 წლის.
წლიდან წლამდე 600-ის მომზადება შეგვიძლია, ახლა კოლეჯი 50%-ით არის დატვირთული. სულ 8 მოკლევადიანი პროგრამა და 5 საგანმანათლებლო პროგრამა გვაქვს.
ვინაიდან ჩვენ კერძო-საჯარო პარტნიორობის მაგალითი ვართ, სხვა კოლეჯებთან შედარებით დასაქმების მაჩვენებელი მაღალია და ვამბობთ რომ ეს 100%-ს აღწევს. კომპანია გვყავს, რომელი ამ ადამიანების უმრავლეოსბას ასაქმებს, მცირე ნაწილი კი ირჩევს სხვას.“ - უთხრა BMG-ის თამარ ზაქარაშვილმა.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტების მიღების მაჩვენებელი 9.9%-ით გაიზარდა. გასულ წელს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 15.5 ათასი სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 47.9 პროცენტი ქალია, 52.1 პროცენტი კი შესაბამისად - კაცი
რეგიონების მიხედვით, ჩარიცხული სტუდენტების რიცხოვნობით ლიდერობს ქ. თბილისი (38.1%), რომელსაც მოსდევს აჭარა (17.2%), იმერეთი (10.4%), სამეგრელო-ზემო სვანეთი (9.7%), კახეთი (4.8%) და ქვემო ქართლი (7.8%). 2023 წელს, კურსდამთავრებულთა რიცხოვნობამ 8.1 ათასი შეადგინა, რომელთაგან 48.3 პროცენტი ქალია, ხოლო 51.7 პროცენტი კაცი.
კურსდამთავრებულთა უმეტესობა მოდის ინჟინერიის, წარმოების და მშენებლობის (26.4%), მომსახურებების (19.2%), ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართლის (13.1%) პროგრამებზე.
2023 წლის ბოლოსთვის, საქართველოში 96 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, მათ შორის 54 საჯარო, ხოლო 42 კერძო.