მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Crosty-ის ფიზიკური მაღაზია იხურება, ბრენდი განვითარების ციფრულ სტრატეგიაზე გადადის

Crosty

პრემიუმ სეგმენტზე გათვლილი ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მწარმოებელი ქართული კომპანიის, Crosty-ის კონცეპტუალური მაღაზია, რომელიც თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარეობს, 1-ელ მარტს დაიხურება. ბრენდი პრიდუქციის გაყიდვას ონლაინ განაგრძობს და უმეტესწილად, ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე გადაეწყობა, - აღნიშნული ინფორმაცია Crosty-ის თანადამფუძნებელმა, შოთა მიქაიამ დაგვიდასტურა.

Crosty-ის თანადამფუძნებლების განცხადებას BMG უცვლელად გთავაზობთ:

"CROSTY CONCEPT STORE - უნიკალური სივრცე, რომელიც თანამედროვე შოპინგის გამოცდილებასა და ხელოვნებას აერთიანებს, მიმდინარე წლის 1-ელ მარტს დაიხურება.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ ყოფილა, თუმცა ის დაეფუძნა ბრენდის გლობალური განვითარების სტრატეგიას და მზადყოფნას ახალი, საინტერესო მოგზაურობის დასაწყებად.

ვამაყობთ, რომ შევძელით, შეგვექმნა გამორჩეული ადგილი თბილისში, რომელმაც არაერთ სოციალურ-კულტურულ ღონისძიებას უმასპინძლა. ჩვენს შემოქმედებასთან ერთად, ქართველი არტისტების ნამუშევრების წარდგენით, წლების მანძილზე, ერთმანეთთან ვაკავშირებდით მოდითა და ხელოვნებით დაინტერესებულ ადამიანებს.

გულწრფელ მადლობას ვუხდით ჩვენს გუნდს და ერთგულ საზოგადოებას. თქვენმა მხარდაჭერამ, ეს სივრცე შემოქმედებისა და თავისუფლების სიმბოლოდ აქცია.

შემდეგი ეტაპი გაბედულ წინ გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის, აშშ-ს უკავშირდება. გვჯერა, ეს არის შესაძლებლობა, ბრენდის ისტორია და მისი ქართული საწყისები ფართო აუდიტორიას გავაცნოთ.

CROSTY საქართველოში ოპერირებას საერთაშორისო ონლაინ მაღაზიით გააგრძელებს. ამიერიდან, გაგაცნობთ ჩვენს ამბიციურ გეგმებს, რომლებიც ახალ პროექტებს, კოლექციებსა და კოლაბორაციებს უკავშირდება.

ჩვენი მისია უცვლელია. გამოგვყევით პროგრესის, შესაძლებლობებისა და მუდმივი მოძრაობის გზაზე", - ვკითხულობთ მომხმარებლებისთვის გაგზავნილ წერილში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები