"კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს, რომლითაც ისინი გმობენ უნივერსიტეტის პრეზიდენტის, კახა შენგელიას გადაწყვეტილებას, ეკონომიკის სკოლის დეკანის პოზიციიდან სოსო ბერიკაშვილის გათავისუფლების შესახებ. სტუდენტების თქმით, აღნიშნული ფაქტი რეპუტაციულ ზიანს აყენებს კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ CU-ს ეკონომიკის სკოლის დეკანი, სოსო ბერიკაშვილი, დაკავებული თანამდებობიდან რეორგანიზაციის საბაბით გაათავისუფლეს. ბერიკაშვილმა Facebook-ზე გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, უნივერსიტეტის პრეზიდენტის, კახა შენგელიას გადაწყვეტილება, პოლიტიკურია. თავის მხრივ „კავკასიის უნივერსიტეტის“ პრეზიდენტი კახა შენგელია BMG-სთან აცხადებს, რომ ტყუილია, რომ ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა. ის განმარტავს, რომ სოსო ბერიკაშვილის მუშაობით უკმაყოფილო იყო.
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების განცხადება:
"კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება გამორჩეული ლექტორისა და ეკონომიკის დეკანის, სოსო ბერიკაშვილის, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ხელისუფლების მიერ წამოწყებული რეპრესიული ქმედებების ნათელი მაგალითია.
კავკასიის სტუდენტები სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ბატონ სოსო ბერიკაშვილს, რომელიც უსამართლო სისტემის მსხვერპლია. ეს რეპუტაციულ ზიანს აყენებს კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს.
ჩვენ ვგმობთ ბატონი კახა შენგელიას გადაწყვეტილებას. უნივერსიტეტს არ ქმნიან ერთეული პირები. უნივერსიტეტს ვქმნით ჩვენ, სტუდენტები!
მოვუწოდებთ კავკასიის უნივერსიტეტის სხვა ლექტორებს, რომლებიც ჩვენ გვერდით დგანან ასეთ მნიშვნელოვან დროს: არ დაირღვეს ერთიანობა და ის სულისკვეთება, რომელიც სწორედ ევროპულ ღირებულებებზეა დაფუძნებული.
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისგან თქვენ ყოველთვის გექნებათ მხარდაჭერა! თქვენგანაც იმავეს ველოდებით!".