მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დაანებეთ თავი აბდაუბდა გაუგებრობებს"-რა გზავნილები ამოიკითხა ნიკოლოზ ალავიძემ Moody’s-ის ანგარიშიდან

ნიკოლოზ ალავიძე

„Moody’s-ის ანგარიშში დიპლომატიურად და ფრთხილად გვეუბნებიან - „იქნებ დაანებოთ თავი ამ შიდა, აბდაუბდა გაუგებრობას და დაუბრუნდით იმ მიმართულებას, იმ ტრენდს, საითაც მიდიოდით“, - ეს არის ძირითადი გზავნილი, რომელიც ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და „ჯეოქეისის“ მრჩეველმა ნიკოლოზ ალავიძემ საქართველოზე საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის მიმოხილვიდან ამოიკითხა.

საქმე ის არის, რომ საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო fitch-ის შემდეგ, Moody’s-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი Ba2 დონეზე, უცვლელად დატოვა, თუმცა პერსპექტივა "სტაბილურიდან" "ნეგატიურამდე" შეამცირა. Moody’s-ი მიზეზებად „რუსულ კანონს“ და ევროკავშირისკენ სვლის შეფერხებას ასახელებს. ანგარიშის თანახმადვე, პერსპექტივის ცვლილება მნიშვნელოვნად უკავშირდება ქვეყნის შიდა პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ გამოწვევებს, რაც საქართველოს მომავალ ეკონომიკურ და ფინანსურ მდგრადობაზე უარყოფითად შეიძლება აისახოს.

ნიკა ალავიძეს, სხვა არაერთი ეკონომისტის მსგავსად, სუვერენული რეიტინგის გაუარესების მოლოდინი აქვს, რაც მისი თქმით, Moody’s-ის მიმოხილვაშიც ძალიან რაფინირებულად და ზრდილობიანად არის აღნიშნული.

რეიტინგის გაუმჯობესების ფაქტორები
"რეიტინგის უარყოფითი პერსპექტივის გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რეიტინგი მოკლევადიან პერსპექტივაში გაუმჯობესდეს. პერსპექტივა, სავარაუდოდ, სტაბილურამდე შეიცვლება იმ შემთხვევაში, თუ გეოპოლიტიკური და შიდა პოლიტიკური რისკები არსებითად შემცირდება, რაც საქართველოს ინსტიტუტებისა და მმართველობის მდგრადი გაუმჯობესებისთვის გზას გახსნის", - წერს Moody's-ი.

რეიტინგის დაქვეითების ფაქტორები
"რეიტინგი, სავარაუდოდ, შემცირდება, თუ უფრო აშკარა გახდება, რომ ინსტიტუციური და მმართველობითი მდგრადობა კიდევ უფრო დასუსტდა, რაც, პოლიტიკურ რისკებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკურ და ფისკალურ მდგრადობაზეც უარყოფითად იმოქმედებს. მაგალითად, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ინსტიტუტების უფრო სუსტი მდგომარეობის ნიშნები, ან მონეტარული და მაკროეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობის შემდგომი შემცირება, ფინანსური ან საგარეო სტაბილურობის შესუსტება ასევე რეიტინგზე შემცირებით ზეწოლას მოახდენს", - წერს Moody's.


„დოკუმენტში პირდაპირაა დაწერილი, რომ თუ ასე მოიქცევით რეიტინგი გაუმჯობესდება, თუ არა - პირიქით“ - ამბობს ნიკა ალავიძე და იქვე დასძენს, რომ Moody’s-ის ანგარიში, ფაქტობრივად, "შპარგალკაა“.

„აბზაცებს შორის ბევრი ისეთი გზავნილი იკითხება, რომელიც სასარგებლოა ყველასთვის - კრიტიკოსებისთვისაც და არაკრიტიკოსებისთვისაც, ვისაც ჰგონია, რომ საქართველოს ეკონომიკა თუხთუხებს და არ ვიცით, ამდენი [დოვლათი] სად წავიღოთ. ანგარიშში ძალიან კონკრეტული მაგალითებითაა მოცემული, რატომ გახდა პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „ნეგატიური“, - განაცხადა ნიკოლოზ ალავიძემ.

ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ „წერტილთან“ ინტერვიუში დეტალურად ისაუბრა, რა ფასი აქვს ქვეყნისთვის და კერძო სექტორისთვის სუვერენულ რეიტინგს და მის გაუმჯობესებას.

სუვერენული საკრედიტო რეიტინგი არის ქვეყნის შეფასება, თუ რამდენად რისკიანია აღნიშნულ ქვეყანაში ინვესტირება ან რამდენად რისკიანია ამ ქვეყნის რეზიდენტებზე ფულის სესხება, როგორც მთავრობაზე, ასევე კერძო სექტორზე. საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე ხელმისაწვდომობისათვის, ქვეყნებისთვის კარგი რეიტინგის ქონა უმნიშვნელოვანესია. რაც მეტია რეიტინგი, ქვეყანას უფრო ნაკლებ პროცენტში შეუძლია სესხის აღება, ინვესტორები კი ქვეყანაში ინვესტირების გადაწყვეტილებას უფრო იოლად იღებენ, უფრო ნაკლები მოგების ნორმას ჯერდებიან.

„რეიტინგებს აქვს ძალიან და კონკრეტული ფასი... სახელმწიფოს რეიტინგი თუ პოზიტიურია, ის კერძო სექტორის რეიტინგზეც ავტომატურად აისახება. საქართველო თითქოს ნელა, თანმიმდევრულად მიდიოდა რეიტინგის გაუმჯობესებისკენ...

Moody’s-ის ანგარიშში მკაფიოდააა ნათქვამი, რომ პერსპექტივის გაუარესება განაპირობა პოლიტიკურმა გადაწყვეტილებებმა - ე.წ. რუსული კანონის მიღებამ და ევროინტეგრაციის შეჩერებამ, თუმცა ამ ანგარიშს პოზიტიურადაც ვუყურებ იმ კუთხით, რომ ძალიან ფრთხილად და ზრდილობიანად გვეუბნებიან - „იქნებ დაანებოთ თავი ამ შიდა, აბდაუბდა გაუგებრობას და დაუბრუნდით იმ მიმართულებას, იმ ტრენდს, საითაც მიდიოდით.

Moody’s-ი არაა გადაწყვეტილების მიმღები ორგანიზაცია. ის ორიენტირებულია თავის ინვესტორებზე - როგორც სუვერენულ სახელმწიფოებზე, ისე კერძო ინვესტორებზე/კომპანიებზე. ეს კომპანია 100 წელზე მეტია არსებობ და ის თავის ინვესტორებს აძლევს გარკვეულ მიმართულებებს და თუ არ მისცემს ან ნაკლები ნდობა ექნება, მის სერვისს არავინ იყიდის“, - განაცხადა ნიკოლოზ ალავიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები