„მე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერიც არ ვიქნები“, - ამის შესახებ პოლიტიკიდან მეორედ წასულმა ბიძინა ივანიშვილმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის კონსულტაციების გაწევასაც არ აპირებს. „ეს გუნდის ნაწილმა, ლიდერებმა ძალიან კარგად იციან“, - თქვა ივანიშვილმა.
პარტიის ყოფილი ლიდერი ირწმუნება, რომ „ოცნების“ წევრებთან მას მინიმალური კომუნიკაცია ექნება.
„არ იქნება არანაირი დარეკვა გუნდის რომელიმე წევრთან, რომლებიც ძალიან მიყვარს... მე რამდენჯერმე გავუმეორე მათ, რომ ნუ დაელოდბით ჩემგან შენიშვნებს, თქვენ ამ მხრივ იქნებით აბსოლუტურად თავისუფლი და პირიქით - ნუ დამირეკავთ კონსულტაციებისთვის და შეკითხვებით ნუ მომმართავთ.
დაბადების დღეები, შეიძლება მივულოცო, შეიძლება ადამიანური ურთიერთობები იყოს ყოფით დონეზე, მაგრამ პოლიტიკური - არა. არც დამირეკავენ; ჩემგან მათი კრიტიკა არ მოხდება. მე საჯაროობას ვწყვეტ“, - აცხადებს ივანიშვილი.




























