მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაბალი მედიანური ტარიფის გამო, ქარის სადგურის საინვესტიციო ღირებულებას გადავხედავთ - „ვინდ ენერჯი გრუპ“

ვინდ ენერჯი გრუპ

„ვინდ ენერჯი გრუპის“ დირექტორი გიორგი შუკაკიძე აცხადებს, რომ $60 მილიონიანი ქარის სადგურის პროექტის საინვესტიციო ღირებულების გადახედვა მოუწევთ. მიზეზად შუკაკიძე სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ CFD-ის მეორე აუქციონზე, ქარის სადგურებისთვის დადგენილი დაბალი მედიანურ ტარიფს ასახელებს. საკითხზე მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

კომპანია, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან ერთად 45 მეგავატი სიმძლავრის ქარის სადგურს თერჯოლაში ააშენებს, რისთვისაც მათ 3-წლიანი პერიოდი აქვთ განსაზღვრული.

“ჩვენ ვმონაწილეობდით აუქციონში, მაგრამ ის შედეგი არ დამდგარა, რაც გვინდოდა. შესაბამისად, დღეს ვფიქრობთ, რომ იმ მიღებული ფასით, რომლითაც კომერციული ოპერატორი უზრუნველყოფს პროექტის განვითარებისთვის ტარიფის გადახდა მოხდება, გადავხედავთ რამდენად შეგვიძლია ჩვენ ამ ტარიფით პროექტის განვითარება.

ჩვენს შემთხვევაში მედიანური ტარიფი ვერ აკმაყოფილებს იმ საფინანსო ინსტიტუტების მოთხოვნებს და ამ პროექტის განხორციელებისთვის რთული იქნება, რომ რეალურად ის პროექტი გავაკეთოთ, რომელზეც ვფიქრობდით”, - აცხადებს გიორგი შუკაკიძე და განმარტავს: „დღეს ბაზარზე სამშენებლო ნაწილში ფასებთან მიმართებით სახეცვლილი მდგომარეობა გვაქვს და ბიუროკრატიულმა პროცესმა, რომელიც სხვადასხვა ნორმატიულ აქტს მოიცავს, პროექტის დაწყებამდე დრო გაახანგრძლივა. ამ პერიოდში კაპიტალური დანახარჯები მატულობს და წარმოდგენილი ფასი ყველა ინვესტორისთვის მისაღები შეიძლება არ იყოს. ეს არ არის ნეგატივი ჩვენი მხრიდან, უბრალოდ ჩვენ რა პროექტის განვითარებასაც ვაპირებთ, მისი ფინანსური მაჩვენებლები გადასახედია“.

რამდენით შეამცირებს აღნიშნული მედიანური ტარიფი პროექტის საინვესტიციო ღირებულებას - ამ კითხვით BM.GE-მ „ვინდ ენერჯი გრუპის“ დირექტორს მიმართა.

„ჩვენი წარდგენილი ფასის ქვედა ზღვარი იყო 6.8 ცენტი და მედიანური ტარიფი ქარის სადგურების შემთხვევაში 6 ცენტი დაჯდა და ამიტომ ჩვენ პროექტის ფინანსური მაჩვენებლების გადახედვა მოგვიწევს. ჩვენ გვინდოდა პროექტი მაღალი ტექნოლოგიებით გაგვეკეთებინა, ეს ტარიფი კი მხოლოდ იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ცოტა უფრო დაბალი დონის ტექნოლოგიით განვახორციელოთ ეს პროექტი.

ამასთან, ამ პროცესში განხორციელების ვადები გვიხანგრძლივდება და რისკების საკუთარ თავზე აღება მოგვიწევს. აუქციონის შედეგად დამჯდარი ტარიფის შედეგად პროექტის ფინანსური მაჩვენებლების გადახედვა მოგვიწევს“, - აღნიშნა შუკაკიძემ და დაამატა: „ჩვენ ვვარაუდობდით, რომ 60 მლნ დოლარის ინვესტირება მოგვიხდებოდა, თუმცა ამ მედიანური ტარიფით, პროექტის ფინანსურ პარამეტრებს ვერ დავაკმაყოფილებთ. მაქსიმალურად გადავხედავთ პროექტს და დაახლოებით ალბათ, 5 მლნ დოლარით შევამცირებთ პროექტის ღირებულებას“.

თერჯოლაში 45 მგვტ სიმძლავრის ქარის სადგური მოეწყობა - ინვესტორი პროექტის დეტალებზე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები