ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროს ირაკლი (დაჩი) ბერაიასა და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ფაიგ გულიევთან შეხვედრაზე "ხაზი გაესვა ახალი ერთობლივი სასაზღვრო გამშვები პუნქტის - „აბრეშუმის გზა - იპეკ იოლუს“ მშენებლობის მნიშვნელობას.
შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, სამუშაო შეხვედრა 17 დეკემბერს შედგა.
ცნობისთვის: ბოლო კვირებში აზერბაიჯანულ მედიაში საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებზე რამდენიმე კრიტიკული სტატია გამოქვეყნდა. მათ შორისაა:
საქართველო მშვიდობის წინააღმდეგ თამაშობს, ბაქო-თბილისის ურთიერთობებში დაძაბულობა იზრდება - აზერბაიჯანული მედია. ასევე - "საქართველოს ზანგეზურიდან ხმა მოესმა, რაზეც ნერვულად უპასუხა".
rs.ge-ს ცნობით, "განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურების გამარტივებისა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე".
"შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის, მზარდი ტვირთბრუნვის პირობებში, რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე ისაუბრეს და ორმხრივი პარტნიორობის საკითხები განიხილეს...
შეხვედრის ფარგლებში, ასევე ხაზი გაესვა ახალი ერთობლივი სასაზღვრო გამშვები პუნქტის - „აბრეშუმის გზა - იპეკ იოლუს“ მშენებლობის მნიშვნელობას, რაც რეგიონში სატრანზიტო პოტენციალის განვითარების წინაპირობა იქნება", - ნათქვამია პრესრელიზში.
შეხვედრას ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, პაატა კილაძე, ასევე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი, მიხეილ ჩოკოშვილი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, არჩილ დარახველიძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკური მდივანი, სამირ აბდურაჰიმოვი, საბაჟო საკითხებში საელჩოს ატაშე, ვუსალ აბილოვი.




























