საქართველოში “შინაო” ერთადერთი კომპანიაა, რომელიც 100%-ით ადგილობრივ ნედლეულს გადამუშავებული, გაყინული სახით ყიდის ბაზარზე. როგორც კომპანიის კომერციული დირექტორი, გიორგი ქვრივიშვილი BM.GE-სთან აღნიშნავს, გასუფთავებულ, დაჭრილ და გაყინულ პროდუქტებსა და ხილის თუ ბოსტნეულის მიქსებზე მოთხოვნა მზარდია.
“ჩვენს ასორტიმენტში შეხვდებით გაყინულ კარტოფილს, ბროკოლს, ყვავილოვან კომბოსტოსა და სტაფილოს, ასევე მარწყვსა და ნესვს - ფაქტობრივად, ყველანაირ ხილსა და ბოსტნეულს, რომელიც დღეს ადგილობრივ ბაზარზე მოიპოვება - ჩვენ მათ გლეხებისა და ფერმერებისგან ვყიდულობთ, ვაფასოებთ და გაყინულ მდგომარეობაში ვყიდით.
განსაკუთრებით ხილის შემთხვევაში, ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ მოსავალი სეზონზე შევიძინოთ, დეფიციტის დროს კი, დეკემბერ-აპრილის პერიოდში, სუპერმარკეტებში გაყინული სახით წარვადგინოთ, რათა მომხმარებელს ქართულ ხილზე წვდომა სულ ჰქონდეთ”, - განმარტავს ქვრივიშვილი.
“შინაოს” ასორტიმენტი 10-მდე დასახელების ხილსა და ბოსტნეულს აერთიანებს, თუმცა, როგორც კომპანიის კომერციული დირექტორი აღნიშნავს, განსაკუთრებული პოპულარობით რამდენიმე სახის მიქსი სარგებლობს.
“მომხმარებელი ჩვენი პროდუქციით კმაყოფილია და ეს სოციალურ ქსელებში უკუკავშირიდანაც ჩანს. ყველაზე დიდი პოპულარობით ბოსტნეულის მიქსი სარგებლობს, რომლის შემადგენლობაშიც ბროკოლი, კარტოფილი და სტაფილო შედის - რა თქმა უნდა, გასუფთავებული და დაჭრილი - ეს საშუალებას გაძლევს, რომ, ფაქტობრივად 5 წუთში, კერძი მზად გქონდეს.
რაც შეეხება ხილს, როგორც წესი, ]ყველა სახეობა მოთხოვნადია, რადგან სეზონი როდესაც არ არის, ყველა ცდილობს, გაყინული მაინც შეიძინოს, თუმცა ყველაზე პოპულარული მაინც ბლის, მარწყვისა და მოცვის მიქსია”, - ამბობს ქვრივიშვილი.
“შინაოს” პროდუქცია საქართველოს მასშტაბით ყველა დიდ ქალაქში, უბნის მარკეტებში იყიდება, ქსელური მარკეტებიდან კი “ფრესკოსა” და “გუდვილის” დიდ ფილიალებში რეალიზდება, თუმცა კომპანიის კომერციული დირექტორი აღნიშნავს, რომ ქსელურ მარკეტებში შესვლა ქართული წარმოებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.
“სავაჭრო ქსელებში შეღწევადობა ყველაზე დიდი გამოწვევაა ჩვენთვის - ეს დიდ ხარჯებსა და გადასახადებს უკავშირდება. გვიჭირს ისეთ ქსელში შესვლა, რომელსაც, მაგალითად, 300 მაღაზია აქვს, რომ ჩვენი პროდუქტი ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ. პრობლემა ყველა ქსელთან სხვადასხვაა, თუმცა მთავარი ის არის, რომ ქართულ პროდუქტსა და წარმოებას უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება, რასაც, სამწუხაროდ, არ ითვალისწინებენ”, - ამბობს ქვრივიშვილი და დასძენს, რომ კომპანიის გეგმები სარეალიზაციო არხების რაოდენობის ზრდას უკავშირდება.
გიორგი ქვრივიშვილის თქმით, 2024 წლის სამ თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომპანია 15%-ით გაიზარდა, თუმცა იგი წარმადობას არ აკონკრეტებს.
შეგახსენებთ, “შინაოს” საწარმო ფონიჭალაში 2022 წელს, 1 მილიონ ლარიანი ინიციატივით გაიხსნა.