მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დადებითი მხარეები აქვს საათობრივი შეზღუდვის მოხსნას, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ეს გადაგვარჩენს – "ბარბარესთან"

619fc92b83ee9
თათია ჩაფიჩაძე
25.11.21 21:23
908
რესტორან „ბარბარესთან“ გენერალური მენეჯერი ანდრია ქურასბედიანი საკვები ობიექტებისთვის საათობრივი შეზღუდვის მოხსნას მნიშვნელოვან ცვლილებად არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ რესტორნებისთვის მთავარი ხელშემწყობი კოვიდპანდემიის თვალსაზრისით ვითარების სწორად მართვა და ტურისტების ნაკადების შემოდინების ხელშეწყობაა. ასე ეხმაურება ის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 1 დეკემბრიდან რესტორნებისთვის 23:00 საათამდე მუშობის შეზღდვა იხსნება. 

„საქმიანი დილასთან“ საუბრისას ქურასბედიანმა განაცხადა, რომ 2019 წელთან შედარებით მუშაობა 50%-მდეა აღდგენილი, რაც შეეხება ფასებს, ინფლაციის ფონზე ფასები საშუალოდ 10-20%-ის ფარგლებშია გაზრდილი.

“მეორე წელია ამ სირთულეებს უმკლავდება სექტორი – ერთ თვეს ასეა, მეორე თვეს მეორენაირად არის. ვისწავლეთ ამ პირობებში მუშაობა, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ დღეს ყველაფერი კარგად არის. სარესტორნე ბინზნესში, დიდი თუ პატარა, ყველა დიდ კრიზისშია და ამას სჭირდება ხელშეწყობა.

მცირედი დადებითი მხარეები აქვს საათობრივი შეზღუდვის მოხსნას, მაგრამ “აი, დღეს გვეშველება და ყველაფერი კარგად იქნება” – საკითხი ასე არ დგას, იმიტომ, რომ წინ ზამთრის სეზონია, ახალი წელი 2 კვირაა და მერე რთული თვენახევარი მოდის. მარტიდან ისევ იწყება ტურისტული სეზონი და სწორედ აქ გვჭირდება რეალური ხელშეწყობა. ამ ყველაფრიდან კარგი გამოსავალი იქნება, რომ საქართველო მოხვდეს მწვანე ზონაში, პოლიტიკურად დამშვიდდეს სიტუაცია და ტურიზმი უფრო ამოქმედდეს, რეალურად ჩვენს მიმართულებას ყველაზე მეტად ეს შეუწყობს ხელს”,– აცხადებს ანდრია ქურასბედიანი.

მისივე თქმით, 2018–19 წლებთან შედარებით 50-60%-იანი კლება მაინც ფიქსირდება, ისევ მწვავედ დგას კადრების დეფიციტი.

“ძალიან ბევრმა პროფესიონალმა უარი თქვა ამ სფეროზე და ეს პრობლემა დღემდე რჩება. რაც შეეხება ფასებს, ფასები ნელ-ნელა იზრდება 10-15% ზოგგან 20%-ითაც გაიზარდა. სადაც არ გაზრდილა, იქაც გარდაუვალია, იმიტომ რომ ადრე რაღაც თუ ღირდა 1 ლარი დღეს 3 ლარი ღირს და ეს თვითღირებულებასთან კავშირშია სხვა გადასახადებთან ერთად, რომელიც ასევე გაიზარდა. გაიზარდა საბანკო ვალდებულებებიც, რომელიც გარკვეული დრო გაჩერებული იყო“ - განაცხადა ქურასბედიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები