მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დადგენილ ტარიფზე 80-100%-ით ძვირი გვიჯდება პაციენტის მკურნალობა - დიმიტრი ჯორბენაძე

62769f76079e4
ელენე გოგბერაშვილი
07.05.22 21:00
2370
"80-100%-ით ძვირი გვიჯდება პაციენტის მკურნალობა, ვიდრე დადგენილი ტარიფია" - ამის შესახებ "ავერსის კლინიკის" ხელმძღვანელი დიმიტრი ჯორბენაძე აცხადებს.

კლინიკებისთვის ზარალიანი კარდიოქირურგიული და რეანიმაციული მომსახურება მას შემდეგ გახდა, რაც 2019 წლის ნოემბრიდან ჯანდაცვის სამინისტრომ 520-ე დადგენილება გამოსცა და კლინიკებს აღნიშნულ მომსახურებაზე ტარიფები გაუთანაბრა. სექტორს დღესაც მიაჩნია, რომ ტარიფების ახლებურად დათვლის მეთოდოლოგია რეალობას არ შეესაბამება.

520- დადგენილების გარდა კლინიკებისთვის კრიტიკული გამოწვევაა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ჯერ კიდევ 2013 წელს დადგენილი ტარიფების გადახედვა. სამინისტრო სექტორს ტარიფების გადათვლას დაპირდა, თუმცა ახლა აზარაშვილის უწყებას ახალი განცხადებული მიზანი აქვს, წლის ბოლოდან სამინისტროს სურს კლინიკების დაფინანსების ახალი მოდელი დანერგოს და DRG სისტემაზე გადავიდეს.

როგორც ირკვევა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში 2013 წელს დადგენილი ტარიფები მასში ჩართული ყველა კლინიკისთვის გამოწვევა არ არის. 

„2013 წელს დადგენილი ტარიფები ეხება მხოლოდ იმ კლინიკებს, რომლებიც არსებობდნენ 2013 წლამდე, ანუ კლინიკები, რომლებსაც ისტორიულად გააჩნდათ ტარიფები 2013 წლის მომენტისთვის, როცა დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვა. ამის შემდეგ, ნებისმიერ კლინიკას, რომელიც გაიხსნა 2013 წლის შემდეგ, მათ შეეძლოთ ახალი ტარიფის ატვირთვა, აქედან გამომდინარე, არათანაბარ პირობებში ვართ, კლინიკები რომლებსაც დიდი გამოცდილება გვაქვს. იმ კლინიკების მიმართ ჩვენ პრეტენზია არ გვაქვს, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ გვაქვს, რომ ეს არასამართლიანი და არასწორი გადაწყვეტილება შეეცვალათ, მაგრამ 2013 წლიდან არაერთხელ დავაყენეთ ეს საკითხი, მაგრამ გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. ახლა გადაწყდა, რომ ეს საკითხი არ განიხილება, რადგან გადავდივართ DRG-ზე და უნდა დაველოდოთ 6 თვე ამას“-ამბობს დიმიტრი ჯორბენაძე.

მისი თქმით, კლინიკებს სამინისტროს მიმართ პრეტენზია აქვთ კიდევ ერთი გადაწყვეტილების გამოც.

„დადგენილებაში იყო პუნქტი, რომ ჩვენ ყოველ წელს შეგვეძლო 10%-ით გაგვეზარდა ფასი, მაგრამ 2013 წელს მოვახდინეთ მხოლოდ 10%-იანი ზრდა, ამის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრო ამის უფლებას არ იძლეოდა“-ამბობს ავერსის კლინიკის ხელმძღვანელი.

აღსანიშნია, რომ ტარიფებთან დაკავშირებით სამედიცინო დაწესებულებების უკმაყოფილება განსაკუთრებით გახშირდა მას შემდეგ, რაც 2019 წლის ნოემბრიდან ჯანდაცვის სამინისტრომ 520-ე დადგენილება გამოსცა და თანაბარი ტარიფები დაუწესა კლინიკებს კარდიოქირურგიულ და რეანიმაციულ მომსახურებაზე.

„პრაქტიკულად, სტაციონალური დახმარება ან ნულზეა ან ზარალზეა. თუ წელი დაამთავრე ისე, რომ დააბალანსა ხარჯებმა შემოსავლები, კარგ შედეგად ითვლება“-აცხადებს ჯორბენაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები