მზის ელექტროსადგურების კომპანია Helios Energy Georgia-სთვის მიმდინარე წელი წარმატებულია. ამის შესახებ bm.ge-ის კომპანიის დამფუძნებელმა, თორნიკე დარჯანიამ განუცხადა.
მისი თქმით, კომპანია პროგნოზირებულ შედეგებზე გავიდა და ჯამური დადგმული სიმძლავრე 15 მეგავატამდე გაზარდა, მომდევნო წელს კი კიდევ უფრო მეტი ზრდაა დაგეგმილი.
„შარშან 12 მგვტ დავდგით, წელს დაახლოებით 15 მგვტ სიმძლავრემდე ავედით უკვე. რაც გვქონდა პროგნოზი იმას ვაკეთებთ. მომავალ წელს კიდევ უნდა გავზარდოთ, რომ წლის განმავლობაში სადღაც 20 მეგავატამდე შევძლოთ დამონტაჟება“,- აღნიშნა თორნიკე დარჯანიამ.
მისივე თქმით, კომპანია მომავალ წელს რუსთავში 2.2 მგვტ დადგმული სიმძლავრის მზის ელექტროსადგურს ააშენებს, რომელიც CFD აუქციონში გამარჯვებული ერთ-ერთი პროექტია.
ამასთან, თორნიკე დარჯანიამ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ კომპანია ელექტროენერგიის წარმოების ბიზნესში შესვლას აპირებს, რაც მათ შორის განახლებადი ენერგიის პროექტებთან დაკავშირებით მთავრობასთან პირდაპირი მოლაპარაკებების შესაძლებლობამ წაახალისა.
Helios Energy Georgia ასევე მესამე პირებისთვის პროექტებში ინვესტირების შეთავაზებასაც გეგმავს.
„გადავდივართ გენერაციის ნაწილზე, ანუ ავაშენებთ საკუთარ სადგურებს და ელექტროენერგიას გავყიდით. ასევე, ინვესტორებისთვის პლატფორმას ვაკეთებთ, რომ მესამე პირებს ჩვენს პროექტებში ინვესტირება შეეძლოთ. მომავალი წლიდან აუცილებლად დავნერგავთ“,- განაცხადა დარჯანიამ.
ცნობისთვის, Helios Energy Georgia, რომელიც მზის ენერგეტიკის მიმართულებით საქმიანობს, 2017 წელს დაფუძნდა. ის მომხმარებლებს მზის ელექტროსადგურების მშენებლობას და ამ პროცესთან დაკავშირებულ სერვისებს სთავაზობს.