საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, გერმანიის მთავრობის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება ერთობლივ მიზნებს ემსახურებოდა და არა - ერთ მხარეს. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ მედიასთან ისაუბრა.
"მგონი, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ მარტივი არითმეტიკა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, პოზიტიური შედეგები, რომელიც აქვს საქართველოს და, ასევე, ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებს იმიტომ რომ ამოცანები, მიზნები და გამოწვევები, რომლებზეც ჩვენ ერთად ვმუშაობდით, იყო ერთობლივი გამოწვევები, ამოცანები და მიზნები, შედეგებიც ურთიერთსასარგებლო იყო და არა - მხოლოდ ერთი მხარისთვის სასარგებლო", - ამბობს ჩიქოვანი.
ცნობისთვის, გერმანიის საელჩომ BM.GE-ს მიაწოდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 1992 წლიდან დღემდე, გერმანიის მთავრობის მიერ საქართველოსთვის 1.5 მილიარდი ევროა გამოყოფილი, საიდანაც ნაწილი სესხის სახითაა გაცემული.
გერმანიას საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფინანსური მხარდამჭერია. აღნიშნულს საფრთხე ემუქრება, ვინაიდან დღეს, საქართველოში გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვას აწარმოებს. ელჩმა ისიც თქვა, რომ ოფიციალური ბერლინი ამჟამად საქართველოსთან მიმართებით ახალ ფინანსურ ვალდებულებებს არ აიღებს.